გრიგოლ ვაშაძე - ზალკალიანის ადგილზე, მე მიხეილ სააკაშვილის განცხადებების კრიტიკას და უკრაინის ელჩის დაბარებას კი არა, სასწრაფოდ დავიწყებდი სავარძლის გადარჩენას
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის, დვით ზალკალიანის კომენტარსა და უკრაინის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარების საკითხს ეხმაურება.
ვაშაძე განვითარებულ პროცესებს მთავრობის მხრიდან უნიჭობას უწოდებს.
„ბატონი ზალკალიანის ადგილზე, მე მიხეილ სააკაშვილის განცხადებების კრიტიკას კი არ დავიწყებდი და უკრაინის ელჩის დაბარებას, სასწრაფოდ დავიწყებდი თავისი სავარძლის გადარჩენას, რადგან ეს ადამიანი არის განწირული ისევე როგორც საქართველოს ე.წ. ელჩი შეერთებულ შტატებში. კინწისკვრით გააგდებს მაგათ ეს ხელისუფლება იმიტომ, რომ ეს უნიჭობა, მათ შორის ეკისრება „ქართული ოცნების“ კაბინეტის ყველა წევრს“,- განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძე ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოში მოღვაწეობდა და მას სრული უფლება აქვს, თავისი აზრი გამოხატოს, მით უმეტეს, როცა სტრატეგიული მოკავშირისთვის ბრძოლის წინა ხაზზეა, რაც მათ შორის საქართველოსთვის ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას ნიშნავს.
„სიტუაციური მოკავშირეები ვართ და ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ეუთო-ს, ოდირისა და საერთოდ, დასავლური სტანდარტების შესაბამისად ჩატარება, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ისევ დაბრუნდება ის იდეოლოგიური განსხვავებები, რომლებიც გვაქვს.
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თავისი ცხოვრებით, ყველას ძალიან უყვარს ეს სიტყვა, ყველა ვიღაც მესამე ხარისხოვანი ესტრადის მომღერალი ეძახის – მოღვაწეობა. მიხეილ სააკაშვილს მართლა მოღვაწეობა ჰქონდა. საქართველო დღეს იქ არის, სადაც არის, იმ ინსტიტუციების, დროშის, ჰიმნის, პოლიციის, არმიის და ყველაფრის შენარჩუნებით, რომლებიც მისი პრეზიდენტობის ვადაში შეიქმნა. ამიტომ ამ ადამიანს სრული უფლება აქვს, თავისი აზრი გამოხატოს. მით უმეტეს, როდესაც ის უკრაინისთვის, ანუ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისთვის ბრძოლის წინა ხაზზეა. ეს მათ შორის ნიშნავს საქართველოსთვის ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც აუდიენცია უკვე გამართა.
საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის განცხადებები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაა.
კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ არ აპირებს, მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას.
„ნამდვილად ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე“,- აღნიშნა სააკაშვილმა.