გრიგოლ ვაშაძე - ვაპირებთ, შევიწყალოთ დედები, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ და არ აქვთ ჩადენილი მძიმე დანაშაული
გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც კი მას მიეცემა ხელისუფლება, აპირებს, შეიწყალოს დედები, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არ აქვთ მძიმე დანაშაული ჩადენილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
„გაერთიანებული ოპოზიცია ასევე აპირებს შეიწყალოს ადამიანები, ვისაც აქვთ სამეურნეო დანაშული ჩადენილი, ეკონომიკური დანაშაული რაღაც ზღვრამდე.
ასევე ისინი, ვინც ჯერ კიდევ ციხეში არიან, მათ შორის ძალიან ნიჭიერი, ხელოვანი ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე არიან დაკავებული, ან სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებაზე იხდიან.
აი, რას ვაპირებთ ჩვენ. რაც შეეხება ამნისტიას და შეწყალებას, მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რა გააკეთეს 2012 წელს, როცა დაძლიეს პრეზიდენტ სააკაშვილის ვეტო და ერთი მეოთხედით შევუმსუბუქეთ სასჯელი იმ ადამიანებს, ვისაც უკიდურესად მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და ბესელიას, ფოფხაძის და კვაჭანტირაძის ინიცირებული ამნისტიის შედეგად თავისუფლებაზე გამოუშვით რუსი ჯაშუშები, მუხროვანის მეამბოხეები და ისეთი სადისტი, რომელმაც რვა წლის ბავშვს გორში სიცოცხლე წაართვა. ამნისტია უნდა შეეხოს ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“,- განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის პრეზიდენტის პრეროგატივა ამინისტია, გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა რომ „ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამნისტიაზე, მაგრამ ამნისტიამდე არავინ უშლის ხელს პრეზიდენტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიწყალოს ის კატეგორიები, რომელზეც ვისაუბრე.