გრიგოლ ვაშაძე - თავის დროზე ყველას გვარი ითქვა, უგულავასი, რურუასი, ამიტომ რეზოლუციაში კონკრეტულად ნათქვამია თუ არა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს
გრიგოლ ვაშაძე - თავის დროზე ყველას გვარი ითქვა, უგულავასი, რურუასი, ამიტომ რეზოლუციაში კონკრეტულად ნათქვამია თუ არა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს

ყველა გვარი გაჟღერებული იყო თავის დროზე – ბატონი უგულავასი, ახლა მუდმივად რურუასი, ამიტომ რეზოლუციაში კონკრეტულად არის ეს ნათქვამი თუ არა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველოს მოკავშირეები შესანიშნავად არიან ინფორმირებულნი, თუ რა ხდება საქართველოში.

‌„ვამბობდი, ვამბობ და კიდევ არაერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი მოკავშირეების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო შტოების მოთმინება ამოიწურა. შესანიშნავად არიან ინფორმირებულები, რა ხდება საქართველოში, მშვენივრად იციან, რომ საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები, საქართველოში ოპოზიცია იდევნება სასამართლოთი და სამართალდამცავი ორგანოებით, რომელიც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გადაქცეული და ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, გამალებული ემზადება არჩევნების გასაყალბებლად. აქედან მოდის ეს გაფრთხილებები, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც უფრო ახლოს მივალთ არჩევნებთან, მით უფრო გამკაცრდება და გახისტდება ჩვენი მოკავშირეების ტონი, რადგან ყველა დაიღალა იმ პოსტსაბჭოთა ტრიუკებით, რომლითაც ე.წ. ქართული ოცნება არის დაკავებული“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, კითხვაზე, რომ ტერმინები – პოლიტპატიმრები, დევნა ანგარიშში გამოყენებული არ არის, ვაშაძე აცხადებს, რომ „ტერმინები გამოყენებულია თუ არა კონკრეტულად ამ რეზოლუციაში, არ აქვს მნიშვნელობა“.

„ტერმინები გამოყენებულია თუ არა კონკრეტულად ამ რეზოლუციაში, ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. რეზოლუციის კონტექსტი სრულებით გასაგებია, ხოლო რა განცხადებებით გამოდიან ჩვენი მოკავშირეების აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, ესეც ვიცით. ყველა გვარი გაჟღერებული იყო თავის დროზე, ბატონი უგულავასი, ახლა მუდმივად რურუასი, ამიტომ რეზოლუციაში კონკრეტულად არის ეს ნათქვამი, თუ არა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა დედაქალაქში, ვაშინგტონიდან ველინგტონამდე, ახალ ზელანდიაში, ყველამ მშვენივრად იცის, რომ „ქართული ოცნების“ სამართლებრივი და მორალური კრედიტი სრულიად ამოწურულია“, – განაცხადა ვაშაძემ.