გრიგოლ ვაშაძე - სასოწარკვეთილი ვარ იმის გამო, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, ხელისუფლებას შეუძლია, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ეროვნულ არქივში წაიღოს
სასოწარკვეთილი ვარ იმის გამო, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, ხელისუფლებას შეუძლია, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ეროვნულ არქივში წაიღოს, რადგან ეს ისტორიული კურიოზი იქნება, – ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ 5 ივლისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მომხდარის შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ბრიუსელში განცხადების გაგზავნას ისეთივე შედეგი ექნება, როგორც პარლამენტის ფანჯრიდან ამაზე დაყვირებას.
„როგორც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, სასოწარკვეთილი ვარ იმის გამო, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენთან საქართველოს მოქალაქეებზე კონსტიტუცია და კანონმდებლობა თანაბრად არ ვრცელდება. ანუ შეუძლიათ, ადამიანს აუკრძალონ ის, რაც მას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული – შეკრების, მსვლელობის, სიტყვის თავისუფლება და ა.შ. საერთოდ არ მაინტერესებს, ვისი მანიფესტაცია უნდა ყოფილიყო, თუ ეს იყო მშვიდობიანი მანიფესტაცია, სექსუალური უმცირესობების, შევარდენით მონადირეების, ველოსიპედისტების თუ არქივარიუსების. კონსტიტუცია ან გვაქვს, ან – არა.
მეორე შედეგია ის, რომ მთელ მსოფლიოს დავანახეთ, თავისუფალი პრესა არაფერს ნიშნავს, ამ ადამიანებს შეიძლება ურტყა, დაამცირო, აგინო და სახელმწიფო ორგანოებიდან დამცავი არავინ ჰყავთ. მათი პროფესიული ვალდებულებების შესრულების დროს შეიძლება ეს ადამიანები სცემონ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამის მესამე შედეგი არის ის, რომ თუ ხელისუფლებას დაწერილი აქვს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გასაგზავნი განცხადება, შეუძლია, დაახვიოს და წაიღოს ეროვნულ არქივში, რადგან ეს იქნება როგორც ისტორიული კურიოზი, რადგან პარლამენტის ფანჯრიდან რომ დაიყვირო, ზუსტად იგივე შედეგი ექნება, როგორც განაცხადის გაგზავნას ბრიუსელში და ეს გაცილებით იაფი დაჯდება. მეოთხე შედეგია ის, რომ ამას ვამბობ უზარმაზარი გულისტკივილით როგორც ქრისტიანი, განსხვავებით იმ ბანდერლოგებისგან, რომლებიც თბილისის ქუჩებში თარეშობდნენ. როგორც ჩანს, საპატრიარქოში არის ჩაბუდებული შავრაზმელების ნაწილი, რომელთა მთავარი მიზანი მანიფესტაციები კი არ არის, არამედ ყოველნაირად ხელის შეშლა იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდეს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.