გრიგოლ ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის აუცილებელია
მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის აუცილებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სჭირდება.
„ყველაფერი, რაც დღეს საქართველოს საშუალებას აძლევს გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ის ყველაფერი, რაც დღესაც კი ემსახურება საქართველოს შეიქმნა მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში. დროშა, გერბი, ჰიმნი, არაკორუმპირებული პოლიცია, არმია, ეფექტური ინსტიტუტები, ოთხჯერ გაზრდილი ეკონომიკა, 11-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი, უსაფრთხოება, წელში გატეხილი კრიმინალი, თითქმის ამძირკვული კორუფცია, ეს ყველაფერი იმ წლების მიღწევაა. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება არის აბსოლუტურად აუცილებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის, თუ ჩვენ გვინდა შიდა პოლიტიკურ და საგარეო მიზნებს მივაღწიოთ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გაყინული, იატაკზე დაცემული ეკონომიკა ადგილიდან დაიძრას, საქართველოში შემოვიდეს ინვესტიციები, რომელიც ეკონომიკას საშუალებას მისცემს ხარისხობრივი ნახტომი გააკეთოს. ჩვენ აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროა იმისთვის, რომ ყველაფერი ის, რაც 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს მოქალაქეების მოწონებას და მხარდაჭერას იმსახურებდა, განმტკიცდეს და ხელშეუხებელი გახდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, კითხვაზე, როდის აპირებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, ვაშაძე აცხადებს, რომ აღნიშნულზე სააკაშვილი მოგვიანებით ისაუბრებს.
„ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილი თვითონ შეგატყობინებთ ყველაფერს, მე კი ერთი რამ მინდა გითხრათ, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეს საქართველოს პოლიტიკურ კულტურას და საქართველოს კანონმდებლობას შეესაბამება“, – აღნიშნა ვაშაძემ.