გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლება როგორც კი ბოლომდე შეასრულებს ვალდებულებებს, სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში
როგორც კი, ხელისუფლება ბოლომდე შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს სიამოვნებით, სიხარულით, მზადყოფნით მივიღებთ მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
„ყველა მხარემ მშვენივრად იცის, რა არის მათი ვალდებულება. ამ წუთშივე შემიძლია გითხრათ, როგორც კი ხელისუფლება ბოლომდე შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს სიამოვნებით, სიხარულით მზადყოფნით მივიღებთ მონაწილეობას. მათ მიერ აღებული ვალდებულება, კერძოდ, რაც შეიძლება სწრაფად ბატონი გიორგი რურუას საკითხის გადაწყვეტა და მისი საპყრობილიდან გამოსვლა, არ არის შესრულებული. შესაბამისად, დიდი მწუხარების მიუხედავად, ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
კითხვაზე, მოხდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პოლიციის გადახედვა, ვაშაძე ამბობს, რომ პოზიცია დაფიქსირებულია და კოლექტიური გადაწყვეტილება მიღებულია.
„ვერ გადავხედავთ, რადგან პოზიცია დაფიქსირებულია. პოზიცია შეთანხმებულია. კოლექტიური გადაწყვეტილება მიღებულია. თუ რაღაც შეიცვალა, პირველები გაიგებთ“, – განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, შეთანხმების შესაბამისად, მაღალი პოლიტიკური და სოციალური ინტერესის საქმეები უნდა გადაწყდეს და მართლმსაჯულება და სამართალდამცავი ორგანოები არასოდეს არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკური მიზნებისთვის.
„ორი კი არა, ყველა შვიდივე დაესწრება, ოღონდ, ბოლომდე შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება. ყველამ ვიშრომეთ ამისთვის – ჩვენც, ხელისუფლებამაც, ფასილიტატორებმაც და შევასრულოთ ბოლომდე ეს ხელშეკრულება დეკლარაციასთან ერთად, სადაც ჩაწერილია შავით თეთრზე, რომ მაღალი პოლიტიკური და სოციალური ინტერესის საქმეები უნდა გადაწყდეს და მართლმსაჯულება და სამართალდამცავი ორგანოები არასოდეს არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხვალ არის დაგეგმილი.