გრიგოლ ვაშაძე - იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც დემოკრატიას 1990 წლიდან კბილებით ინარჩუნებენ, საარჩევნო უბნებზე მოვლენ და სწორ არჩევანს გააკეთებენ
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ, რადგან ქვეყანას უაზროდ და უვიცად დასახარჯი მეტი დრო აღარ აქვს.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ ქვეყანაში დემოკრატიას 1990 წლიდან კბილებით ინარჩუნებენ, ასევე ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნონ და ჩვენს ქვეყანაში სამ სვეტზე დაფუძნებული იყოს სახელმწიფო – თანასწორობა, სამართლიანობა, განვითარება, ეს ადამიანები საარჩევნო უბნებზე მოვლენ და სწორ არჩევანს გააკეთებენ, რადგან საქართველოს უაზროდ, უვიცად და ფუჭად დასახარჯი დრო მეტი აღარ აქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.