ფეხბურთის სახელმწიფო პროგრამაზე სამასამდე მილიონია გამოყოფილი, ეს იგივეა, კალაძეს დააბაროს ვინმემ, ამ ფულად ილია ჭავჭავაძე გააცოცხლეო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში განაცხადა. მან იმ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ის მიაქცევს ყურადღებას.
„კატეგორიულად ვეუბნებით არას არაფორმალურ მმართველობას, კატეგორიულად ვეუბნებით არას კორუმპირებულ მთავრობას, მონურად მორჩილ პარლამენტს, უსამართლო სასამართლოს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქართული ოჯახი ვერ იპოვის მართლმსაჯულებას, აბსოლუტურად ყველა ჩვენი საქმეა, ეს გირგვლიანის ოჯახი იქნება თუ სარალიძის. ეს მთლიანად, საქართველოს საქმეა.
ნუ დაველოდებით, სანამ ეს ჩვენ შვილებს შეეხება და ყველა, ვინც ამაში დამნაშავეა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველა ციხეში. არა „კანონიერი ქურდების“ დაუსჯელობას და მათზე ხელის დაფარებას, არა ლარის გაუფასურებას, რომელმაც გააღარიბა საქართველო, არა სიღარიბეს არა უმუშევრობას, კატეგორიული არა გაუნათლებლობას, როდესაც ჩვენ ვიხდით გიგანტურ თანხებს განათლებაში და ჩვენ შვილებს მეცხრე მეათე კლასში მაინც რეპეტიტორები ჭირდებათ.
არა ქართული კულტურის აბუჩად აგდებას, რომელიც რატომღაც ყოველთვის ფინანსდება ჩვენთვის ბოლოს და ამ დროს, იმისთანა უაზრო პროგრამებზე, რასაც ფეხბურთის სახელმწიფო პროგრამა ქვია, ღმერთმა იცის სად მიდის ის ფული, სამასამდე მილიონი ლარია გამოყოფილი, ეს იგივეა რომ კალაძეს დააბაროს ვინმემ, ამ ფულად ილია ჭავჭავაძე გააცოცხლეო“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იქნება. ვაშაძე კანდიდატად პარტიებმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში დღეს წარადგინეს.