გრიგოლ ვაშაძე - ფარცხალაძე რომ არ ყოფილიყო, მიხეილ სააკაშვილზე სიმართლეს ვერასდროს გავიგებდით
გრიგოლ ვაშაძე - ფარცხალაძე რომ არ ყოფილიყო, მიხეილ სააკაშვილზე სიმართლეს ვერასდროს გავიგებდით

იმდენს იზამენ, საქართველოს გაერთიანებულ სამეფოსა და „სკოტლანდ იარდთანწააჩხუბებენ, – ასეთი კომენტარი გააკეთა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე.

გრიგოლ ვაშაძემ კომენტარი გააკეთა ასევე ჩანაწერის იმ ნაწილზეც, სადაც საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზე.

„თქვენ არ იცით? სააკაშვილს ჰქონდა აგენტურული ზედმეტი სახელი „რავალიაკი“ და მან 1614 წელს მოკლა საფრანგეთის მეფე ანრი მეოთხე. იქიდან მოყოლებული ფსევდონიმებით სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებდა პოლიტიკური ფიგურების ლიკვიდაციას. ფარცხალაძე რომ არ ყოფილიყო, ჩვენ სიმართლეს ამ პიროვნებაზე ვერასდროს გავიგებდით. სერიოზულად რომ გიპასუხოთ, იმდენს იზამენ, საქართველოს გაერთიანებულ სამეფოსა და „სკოტლანდ იარდთანწააჩხუბებენ, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდება, დამიჯერეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, „მირზა სუბელიანის ჩანაწერები არის აბსოლუტური კოშმარი, რომელიც დაემატა ზაზა ოქუაშვილის ჩანაწერებს“.

„დარწმუნებული იყავით, რომ ეს იზოლირებული შემთხვევები არ არის. უკვე თვენახევარია, რაც დაწყებულია „ომეგასა“ და „იბერიას“ საქმე და ვუყურებთ ამ ხელისუფლების ფასადის რღვევას, რაც აჩვენებს ნამდვილ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვართ კოშმარში, როდესაც სახელმწიფო, კონსტიტუცია, კანონმდებლობა აღარ გვაქვს და ქვეყანას მართავენ პირწავარდნილი ბანდიტები თავისი არაკანონიერი შეიარაღებული ჯგუფების მეშვეობით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გაიხსნა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.

 ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი დგებუაძე ადასტურებს, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.