გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტური გაზეთის პრეზენტაცია გაიმართა
„ალმა მატერი“ – ასე ჰქვია სტუდენტურ გაზეთს, რომლის პრეზენტაციაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა. გაზეთში წარმოდგენილია სტუდენტების მიერ მომზადებული მასალები.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენაც.
როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ განაცხადა, დღევანდელი დღე აჯამებს ჟურნალისტიკის პროგრამის კუთხით სტუდენტთა პრაქტიკული საქმიანობის შედეგებს.
„ჩემი აზრით, დღევანდელი დღე დიდი მოტივაცია იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის, რათა კიდევ უფრო განავითარონ და დახვეწონ პროფესიული უნარები. დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან გამოცდილი ჟურნალისტები, პროფესიონალები, ეს პირდაპირ პასუხობს საკვალიფიკაციო ჩარჩოს მოთხოვნებს. ჩვენი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამა საოცარი სისწრაფით განვითარდა, დაინერგა ბევრი ახალი ტექნოლოგია, განახლდა სატელევიზიო და რადიო სტუდია. მეტსაც გეტყვით, ჩვენი სტუდენტების მიერ მომზადებული გადაცემები რადიოეთერში გადის. ეს მნიშვნელოვანია მომავალი პროფესიონალი ჟურნალისტისთვის“, – განაცხადა რექტორმა.
ჟურნალისტისა და გამომცემლის, გია გორგოძის განცხადებით კი, სტუდენტური გაზეთის გამოცემით ძალიან კარგი საქმე კეთდება.
„გაუმართლათ ამ ახალაგაზრდებს, რომ პაატა ნაცვლიშვილის სახელოსნოში არიან და მისგან სწავლობენ ჟურნალისტიკას. მერწმუნეთ, მართალი სიტყვა ყოველთვის საჭიროა. არ შეიძლება, მართალი, ნიჭიერად თქმული სიტყვა, ადამიანის ტკივილის თანაზიარობა არ სჭირდებოდეს მკითხველს. ამ გაზეთმა მომცა იმედი, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ახალგაზრდები არიან და ღმერთმა ქნას, იმედები გაამართლონ“, – განაცხადა გია გორგოძემ.