ეროვნულ ბიბლიოთეკაში გია გორგოძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გია გორგოძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]

„საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას ახალი წიგნი „ოქროს ბიჭების თაობა“ წარუდგინა.

ეს გამოცემა მეორე ტომია იმ ოთხტომეულისა, რომელსაც „ქართული ფეხბურთის საუკუნე” ეწოდება. „ქართული ფეხბურთის საუკუნე“ ჟურნალ „ათიანის“ გამომცემლისა და მთავარი რედაქტორის, გია გორგოძის საავტორო პროექტია.

ოთხტომეული მიზნად ისახავს ქართული ფეხბურთის ისტორიის შეჯამებას და საუკეთესო წერილების თავმოყრას. წიგნი სხვადასხვა ავტორების მიერ პერიოდულ პრესასა და წიგნებში გამოქვეყნებულ წერილებს აერთიანებს.

„ეს არის წიგნი სერიიდან „ქართული ფეხბურთის საუკუნე“, რომელიც გამოდის ოთხ წიგნად. პირველი და მეორე უკვე გამოვეცით. მესამე 2019 წლის მაისში, მეოთხე კი მომავალი წლის ბოლოს გამოვა. პირველი წიგნი გახლდათ „ლაღი ფეხბურთის წლები“, მეორე „ოქროს ბიჭების თაობას“ მივუძღვენით. მესამე წიგნი ქართული ფეხბურთის ზეობის ხანას აღწერს, მეოთხე კი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის წლებზე მოგითხრობთ. წიგნში საუკეთესო ქართველი ავტორები არიან თავმოყრილი. ჩვენ უპირატესობა მივანიჭეთ მათ, ვინც უშუალოდ თვითმხილველები იყვნენ, უმეტესად უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან ავტორები. მათ ძალიან ფერადოვანი მეხსიერება აქვთ და დიდი სიყვარულით ჰყვებიან ყველა მნიშვნელოვან თუ გულშემატკივრისთვის უცნობ ისტორიებს. თუ რა ცოტა სიხარული სჭირდება ქართველ ხალხს, გუშინ დავრწმუნდით. საქართველოში ფეხბურთი უყვართ და მინდა, გავიხსენო ანდრო ჟორდანიას სიტყვები – „მომავალში რომ გაიხედო წარსული უნდა გახსოვდესო“. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები კიდევ უფრო მეტი მონდომებით გავლენ სტადიონზე“, – განაცხადა გია გორგოძემ.