გრიგოლ ლილუაშვილი - ოჩამჩირის სამხედრო პორტის ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს მსხვილი ხომალდების მიღებას, სულ მცირე სამი წელი დასჭირდება, რათა ამ კონდიციამდე მივიდეს
გრიგოლ ლილუაშვილი - ოჩამჩირის სამხედრო პორტის ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს მსხვილი ხომალდების მიღებას, სულ მცირე სამი წელი დასჭირდება, რათა ამ კონდიციამდე მივიდეს

ოჩამჩირის სამხედრო პორტის სახელით აშენებული ინფრაქსტრუქტურა გაუაზრებელი დაძაბულობის ფონზე იქნა აშენებული. საინტერესოა პოზიციები მაშინ მყოფი თანამდებობის პირების, საერთოდ რამეზე თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. ოჩამჩირის პორტის ინფრასქრუქტურა 2009 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში შეიქმნა.

„საქართველოში ვის უნდა ესიამოვნოს განცხადება საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ ერთი „ფორპოსტის“ შექმნის თაობაზე. ე.წ. ოჩამჩირის პორტის ინფრასქტრუქტურა იმ სახითაც, რა სახითაც ემსახურება შესულ მცირე ნავებს, სეინერებს, საპატრულო კატარღებს და ასე შემდეგ, შეიქმნა 2009 წლიდან 2011 წლამდე. მას შემდეგ, რაც 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა მკაცრად მტრული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი გარემო დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ინფრასტრუქტურა, რაც იქ არსებობს, ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების, მათ შორის წყალქვეშა თუ წყალზედა სამხედრო ფრეგატების მიღებას. ამისათვის რომ გარდაიქმნას არსებული ინფრასტრუქტურა, ექსპერტების გათვლებით, სულ მცირე, სამი წელიწადი დასჭირდება, რათა ეს პორტი თავისი წყლის დაღრმავებით და ინფრასტრუქტურული განვითარებით ამ კონდიციამდე მოვიდეს. შეკითხვა იყო პარლამენტში, რომ ეს საფრთხეს უქმნის ანაკლიას. ანაკლიას საფრთხეს მარტო პორტი კი არ უქმნის, ანაკლიის პროექტს მთლიანად საფრთხეს უქმნის ოკუპაცია. წარმოიდგინეთ, ანაკლიის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში დგას რუსეთის რეგულარული არმია, რამდენიმე ათასი შეიარაღებული ჯარისკაცით და მძიმე ტექნიკით. ის, რომ ეს არის საფრთხე საქართველოსთვის – ეს იყო, არის და ოკუპაციის საკითხი თუ კიდევ ასე გაგრძელდა, იქნება საფრთხე საქართველოსთვის, მათ შორის ანაკლიის პორტისთვის. სხვათა შორის, ოჩამჩირის სამხედრო პორტის სახელით აშენებული ინფრასტრუქტურა გაუაზრებელი დაძაბულობის ფონზე იქნა აშენებული. ეს გაითვალისწინეთ და ამასთან დაკავშირებით საინტერესოა პოზიციები მაშინ მყოფი თანამდებობის პირების, რომლებიც დღეს პარლამენტში მრავლად ისხდნენ, საერთოდ რამეზე თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.