გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს, ვიორელ მოშანუს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს, ვიორელ მოშანუს შეხვდა.
სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება, ასევე უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები.
„საუბარი შეეხო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს. ასევე, ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.
ხაზგასმით აღინიშნა ვიორელ მოშანუს და, ზოგადად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობის კუთხით გაწეული ძალისხმევა.
ასევე, აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) განსაკუთრებული როლი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილურობის უზრუნველყოფის კონტექსტში. ყურადღება გამახვილდა, მანდატის თანახმად, მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის გადაუდებელ საჭიროებაზე.
ხაზი გაესვა მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.