გრიგოლ გოგელია - ვერ ვხედავ საფუძველს, კეთილი ნებით გადმოცემული, ჩვენთვის ძალიან საჭირო ტექნიკური საშუალებები არ მივიღოთ
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ბერა ივანიშვილის მიერ პირველი არხისთვის სატელევიზიო აპარატურის ჩუქების შეთავაზებაზე იმსჯელეს. ბორდის წევრთა უმრავლესობა სატელევიზიო აპარატურის ჩუქების მომხრეა. საკითხს დღეს ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ გოგელიას განცხადებით, ტელევიზიაზე გავლენის მცდელობის სურვილი საჩუქრის გადაცემითაც და მის გარეშეც მუდამ იარსებებს, ამიტომაც მთავარია, შესაბამისი თავდაცვითი ინსტიტუტების შექმნა, რომელიც პირველ არხს კანონითა და სტანდარტებით ისედაც გააჩნია. აქედან გამომდინარე, ბორდის თავმჯდომარე აპარატურის ჩუქების მომხრეა.
„აქ არის ერთი ფუნდამენტური საკითხი. ეს საკითხი ეხება კანონის იმ მუხლებს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ავალდებულებს, იყოს თავისუფალი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენისგან. ამიტომ ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით გაიმართა მსჯელობა – ეს ჩუქება ხომ არ გამოიწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური ან ეკონომიკური ზეგავლენის ქვეშ მოხვედრას? ჩემი არგუმენტი არის ის, რომ ყოველთვის, ყველა ქვეყანაში რაღაც ძალა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, საერთაშორისო ძალა შეიძლება შეეცადოს, მოახდინოს რაღაც ზეგავლენა და ამას არ სჭირდება არც ჩუქება და არც რაიმეს გადაცემა. თუ რაღაც ძალას უნდა, განახორციელოს ზეწოლა, ის შეეცდება, ეს ზეწოლა განახორციელოს. ამიტომაც, ჩვენ, როგორც ბორდმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, უნდა უზრუნველვყოთ ისეთი ინსტიტუციური სისტემა, რომელიც არხს დაიცავს ასეთი ზეწოლისგან. პირველ რიგში, ასეთი ინსტიტუციური სისტემა არის სტანდარტები, რომლებიც აქვს პირველ არხს, თუ რა შინაარსის პროდუქტზე რა სტანდარტი უნდა განხორციელდეს. ეს არის ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და ა.შ. ეს სტანდარტები გაწერილი არის ნორმატიულ დოკუმენტებში და ეს უნდა დაიცვას ყველა ჩვენმა თანამშრომელმა, დაწყებული ბორდის წევრიდან, დამთავრებული ჟურნალისტით და ამ სტანდარტის მიხედვით უნდა შექმნას შინაარსი. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი კი არის ის, რომ ამ სტანდარტების დარღვევა თუ მოხდა და არასწორი შინაარსის სიუჟეტი გავიდა, ან გადაცემაში იყო შეცდომა დაშვებული, ამ შემთხვევაში არსებობს შესაბამისი ინსტიტუტი, საზოგადოების ნებისმიერ წევრსა თუ ორგანიზაციას შეუძლია, მიმართოს საზოგადოებრივ მაუწყებელს კონკრეტული სტანდარტის დარღვევის შესახებ და ეს საკითხი განიხილება სპეციალურად შექმნილ საბჭოზე. ამიტომ ამ საფრთხეს, რომ ეს სტანდარტები არ შესრულდეს, მე ვერ ვხედავ, რადგან ყველანაირი ინსტიტუციური პირობა არსებობს, რათა ეს საფრთხეები იყოს არიდებული. ჩვენ გვაქვს არასწორი გავლენისგან თავდასაცავი ინსტიტუციური მექანიზმები. ამიტომაც, ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, კეთილი ნებით გადმოცემული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ტექნიკური საშუალებები რატომ არ უნდა მივიღოთ“, – აცხადებს გრიგოლ გოგელია.