გრიგოლ გოგელია - რაღაც მოდაში შემოვიდა, ვისაც არ დაეზარება, ბორდს წაკრავენ და წამოკრავენ, რაც არასწორია
14:30, 16.02.2018
კონტროლის პალატის დოკუმენტში ბევრი რამ არის, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით და საფუძვლიანად არ ვეთანხმებით, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პარლამენტის თავმჯდომარე მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
„აქ ისევ არის კონტროლის პალატის დოკუმენტის ფრიალი. ჯერ ერთი, კონტროლის პალატის დოკუმენტში ბევრი რამ არის, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით და საფუძვლიანად არ ვეთანხმებით. კანონის ნორმები არ არის იქ მითითებული და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ ამას ყველაფერს წარმოვადგენთ. არ ვეთანხმებით, თუნდაც შესყიდვების თემასთან დაკავშირებით, თუნდაც იმ შენიშვნას, რომ თურმე მენეჯენტმა ისე მოუმატა თანამშრომლებს ხელფასები, ბორდმა ამის შესახებ არ იცოდა“, – განაცხადა გოგელიამ.
მისივე თქმით, ამ საკითხებზე პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს იმსჯელებენ.
„ჩვენი არგუმენტები გვაქვს და არ ვთვლით, რომ სწორია ასეთი დადანაშაულება. რაღაც მოდაში შემოვიდა, ვისაც არ დაეზარება, ბორდს ასე წაკრავენ და წამოკრავენ, რაც არასწორია, მე მგონი“, – განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.
მაუწყებლობის შესახებ კანონზე ირაკლი კობახიძე მედიის წარმომადგენლებს ხვდება.