გრიგოლ გიორგაძე - სამხედრო სამსახურზე საქართველოსთვის ყველაზე რელევანტური არის ფინეთის მოდელი, საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება მეტი ახალგაზრდის მომზადებას აქტიური რეზერვისათვის
გრიგოლ გიორგაძე - სამხედრო სამსახურზე საქართველოსთვის ყველაზე რელევანტური არის ფინეთის მოდელი, საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება მეტი ახალგაზრდის მომზადებას აქტიური რეზერვისათვის

ძალიან შეურაცხმყოფელი შეფასებები იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურზე და უფრო მეტიც, მათ უწოდეს მონები. ნატო-ს წევრების და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, როგორებიცაა საბერძნეთი, დანია, ნორვეგია, ესტონეთი, ფინეთი, ლიეტუვა და შვედეთი 2015-2017 წლიდან აღდგენილი იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახური, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.

პარლამენტში თავდაცვის ახალი კოდექსის წარდგენისას გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო მაქსიმალურად მეტ მოტივაციას ქმნის, რათა სავალდებულო სამსახური ახალგაზრდებისათვის მოქნილი იყოს.

„ლატვიასა და გერმანიაში მიმდინარეობს დისკუსია სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის იმ გაზრდილი საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოსა და რეგიონში. შესაბამისად, ჩვენ მრავალი სხვადასხვა მოდელი დავამუშავეთ და ყველაზე რელევანტური საქართველოსთვის არის ფინეთის მოდელი, რომელიც გაზიარებული აქვს ბალტიისპირეთს. ეს გამომდინარეობს ტოტალური თავდაცვის პრინციპიდან და, საბოლოო ჯამში, ემსახურება რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის გადამზადება-მომზადებას აქტიური რეზერვისათვის. ჩვენ ვამცირებთ ვადებს სავალდებულო სამსახურისას. მაქსიმალურად მეტ მოტივაციას ვქმნით, რომ სავალდებულო სამსახური იყოს გარკვეულწილად მოქნილი ახალგაზრდებისათვის, ვინც, მაგალითად, მუშაობს ან სწავლობს და შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პროგრამით როგორც სავალდებულო, ასევე ნებაყოფლობითი მიმართულებით მოხდეს გადამზადება-გაწვრთნა რეზერვისათვის. ეს იქნება ექვსთვიანი, რვათვიანი და თერთმეტთვიანი. შესაბამისად, ეს პროგრამები ადაპტირებული გვაქვს ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისგან“, – განაცხადა გიორგაძემ.