მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გრიგოლ გეგელიამ წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა. გეგელია ამბობს, რომ ბრძოლა უთანასწორო იყო, რადგან ყველა კანდიდატს ერთნაირი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, მოსახლეობასთან შეხვედრებმა წარმატებით ჩაიარა. გეგელია ძირითად აქცენტს მემარცხენე პოლიტიკაზე, შრომით უფლებებზე, ეკოლოგიურ მდგომარეობასა და დასაქმებაზე აკეთებს. მისი თქმით, ასევე გადასახედია კანონმდებლობა კულტურული მემკვიდრეობისა და მშენებლობების შესახებ.
„ეს იყო პრინციპული, შეუპოვარი, რთული ბრძოლა რადიკალური განახლებისთვის. ნამდვილი, შინაარსობრივი განახლებისთვის და არა სახელების და ბანერების განახლებისთვის, როგორც ქართულ პოლიტიკას სჩვევია.
ჩვენ ასობით ადამიანს ვესაუბრეთ ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ჩვენ შევქმენით რადიკალურად განსხვავებული დღის წესრიგი. ჩვენ შევქმენით ახალი ტიპის პოლიტიკური ენერგია, წითლისა და მწვანის მიქსი, რომელიც რჩება ქართული პოლიტიკის აქტიურ მოთამაშედ, რომელიც არსად აპირებს წასვლას და გააგრძელებს ბრძოლას თანასწორობისთვის“, – აცხადებს გრიგოლ გეგელია.