გრიგოლ გეგელია - რამდენიმე დღეში საზოგადოებას წარვუდგენთ ნათელ ხედვას, რა კონფიგურაციაში იქნება წარმოდგენილი „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებზე
რამდენიმე დღეში საზოგადოებას წარვუდგენთ ნათელ ხედვას, რა კონფიგურაციაში იქნება წარმოდგენილი „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი კონფიგურაცია, რომელშიც „ლელო“ წარდგება, იქნება ხელის შეწყობა იმ მიზნის განხორციელებისთვის, რაც არის ივანიშვილის დამარცხება.
„ჩვენი კონსულტაციები გრძელდება. უმოკლეს ვადაში, რამდენიმე დღეში საზოგადოებას წარვუდგენთ ნათელ ხედვას, რა კონფიგურაციაში იქნება წარმოდგენილი „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენი მიზანი სრულიად ნათელია, დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი როგორც ამ არჩევნებზე, ასევე შემდეგ წელს. ეს უცვლელი მიზანია, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით და ნებისმიერი კონფიგურაცია, რომელშიც ჩვენ წარვდგებით, იქნება ხელის შეწყობა იმ მიზნის განხორციელებისთვის, რაც არის ივანიშვილის დამარცხება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა როგორც შიდა, ასევე გარე ყველა მნიშვნელოვან ძალასთან, ვისაც ჩვენ კოლეგებად და პარტნიორებად მივიჩნევთ იმ ძალიან დიდ ბრძოლაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ამ ეტაპზე დეტალიზაციას მოვერიდები, რადგან გადაწყვეტილების ბოლო ფაზაში ვართ“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
ამასთან, გრიგოლ გეგელიამ ნიკა მელიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელება მიულოცა და წარმატება უსურვა.
„მინდა, წარმატება ვუსურვო ნიკა მელიას და, ზოგადად, ყველა კოლეგას, პარტნიორს ამ დიდ ბრძოლაში, რაც არის ივანიშვილის განდევნა ქართული პოლიტიკიდან, რაც არის ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა. ვფიქრობ, ამაში ყველა ერთნი ვართ“, – განაცხადა გეგელიამ.
როგორც „ლელოს“ წევრმა აღნიშნა, ვადამდელი არჩევნები დანიშვნის შემთხვევაში, ამომრჩევლის მობილიზება იქნება მთავარი პრიორიტეტი.
„ვფიქრობ, პარტიულ ინდივიდუალიზმს თავისი სიკეთეები აქვს. იმ შემთხვევაში თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ამომრჩევლის მობილიზება იქნება მთავარი პრიორიტეტი და ამას ხშირად უხდება ცალკეული ბრძოლა, თუმცა საერთო მიზნებისთვის ბრძოლა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
შეგახსენებთ, თბილისის მერობის კანდიდატად ოპოზიციის ნაწილმა ნიკა მელია დაასახელა, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე – ელენე ხოშტარია, ვიცე-მერობის თანამდებობაზე კი ზურაბ ჯაფარიძე.