„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელია დაასახელა, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს დაუჭერს ელენე ხოშტარიას, ვიცე-მერობის პოსტზე კი ზურაბ ჯაფარიძეს [ვიდეო]

დადგა ქართველი ხალხის გამარჯვების დრო, თქვენი გამარჯვების დრო. დიახ, თბილისი ჩვენი ბრძოლის წინა ხაზზეა რეფერენდუმში, რომლითაც საქართველო უნდა დავიბრუნოთ, – ამის შესახებ „ნაცონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პრეზენტაციაზე განაცხადა.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი იქნება, ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი, ხოლო „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ვიცე-მერობის კანდიდატი.

„დღეს ბევრად უკეთ მესმის, რა არის უსამართლობა. დღეს მე, როგორც არასდროს, ისე მჯერა, რომ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქის დაცვას შევძლებთ უსამართლობისგან. დადგა ქართველი ხალხის გამარჯვების დრო, თქვენი გამარჯვების დრო. დიახ, თბილისი ჩვენი ბრძოლის წინა ხაზზეა რეფერენდუმში, რომლითაც საქართველო უნდა დავიბრუნოთ. რეფერენდუმში, რომელზეც თითოეულმა მოქალაქემ უნდა უთხრას უარი ოლიგარქიას, კორუფციას, მომხვეჭელობას, გულგრილობას და არაპროფესიონალიზმს. თბილისის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა და საქართველოს გამარჯვება თბილისის გამარჯვებაა. დადგა დრო, თბილისის მერი ამაყად დადიოდეს თბილისის ქუჩებში და შეეძლოს ხმამაღლა თქმა, რომ მე თბილისს ვემსახურები, თბილისს, რომელიც პოლიტიკაზე მეტია. ჩემთვის თბილისი პოლიტიკაზე გაცილებით მეტია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.