გრიგოლ გეგელია - პარლამენტი ივანიშვილის მსახურებით დაკომპლექტებული ინსტიტუტია და იქ შესვლა ძალიან სამარცხვინოა
ამ ე.წ. პარლამენტში შესვლა არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე შეფასებით, პარლამენტი დღეს არ არის წარმომადგენლობითი ორგანო და იქ შესვლა ერის წინააღმდეგ წასვლაა.
„ძალიან სამარცხვინო ფაქტია, ყველა პრინციპის წინააღმდეგ წასვლაა ამ ე.წ პარლამენტში შესვლა, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას და არ არის წარმომადგენლობითი ორგანო. ეს არის ივანიშვილის მსახურებით დაკომპლექტებული საჯარო ინსტიტუტი. დღეს ამ ტიპის ინსტიტუტში შესვლა არის ყოველგვარი პრინციპის და ჩვენი ერის წინააღმდეგ წასვლა. ამიტომ ეს არის ცალსახად სამწუხარო და უპრინციპო ქცევა. საბედნიეროდ, ოპოზიცია არის ერთიანი, ძალიან მყარი და ურყევი. ჩვენ ერთიანი ხმით ბოიკოტს ვუცხადებთ პარლამენტის ბუტაფორიას, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის პოლიტიკურ ნებას ემსახურება და არ წარმოადგენს ქართველი ხალხის პოლიტიკურ ინტერესებს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას გეგმავს. როგორც ავთანდილ ენუქიძემსაქართველოს პირველ არხს განუცხადა, არ იცის, როდის შევა პარლამენტში, მაგრამ მანდატზე უარის თქმას არ აპირებს.