გრიგოლ გეგელია - გუშინ ახალი ნაბიჯი გადავდგით ქართული პოლიტიკის ისტორიაში, დასაბამი დავუდეთ რეალურ კოალიციას
გრიგოლ გეგელია - გუშინ ახალი ნაბიჯი გადავდგით ქართული პოლიტიკის ისტორიაში, დასაბამი დავუდეთ რეალურ კოალიციას

ვფიქრობ, გუშინ გადავდგით თვისობრივად ახალი ნაბიჯი ქართული პოლიტიკის ისტორიაში. ჩვენ პირველად ისტორიაში რეალურ კოალიციას დავუდეთ დასაბამი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აპირებენ, რომ ურთიერთბალანსისა და ურთიერთკონტროლის პოლიტიკური კულტურა დაამკვიდრონ.

„ვთქვით, რომ სხვა მხრივ განსხვავებული პოლიტიკური სუბიექტები ვერთიანდებით, რათა ძალაუფლება განაწილდეს, პასუხისმგებლობა განაწილდეს რომ შევქმნათ ახალი ტიპის მმართველობის მოდელი. ჩვენთვის ახლა უმთავრესი არის, დამარცხდეს „ქართული ოცნება“. იმავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, არასდროს ქვეყანაში აღარ მივიღოთ ერთპარტიული მმართველობა. ჩვენ ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთბალანსის და ურთიერთკონტროლის პოლიტიკური კულტურა დავამკვიდროთ და ჩვენი ნიჭი, კომპეტენცია გავაერთიანოთ, რათა ეს ქალაქი და მთელი ქვეყანა ამოვიყვანოთ მძიმე კრიზისიდან. მთავარი არგუმენტი არის კომპეტენცია, ნიჭი და ძალაუფლების განაწილება“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

როგორც გეგელია ამბობს, კოალიცია პროდასავლურია და ყველა წევრს აქვს მისწრაფება ნატო-ში ინტეგრაციისკენ. მისივე თქმით, ამ მიმართულებით არავითარი ეჭვის საფუძველი არ შეიძლება, გააჩნდეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ქართული ოცნება“ დავამთავროთ და ქვეყანა წავიყვანოთ სწრაფი სვლით ევროპული ინტეგრაციისა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ. კოალიციის ყველა წევრს აქვს ეს მისწრაფება და მუდამ გვექნება. არავის ამ მიმართულებით არავითარი ეჭვის საფუძველი არ შეიძლება, გააჩნდეს. ჩვენი პარტნიორებიც, სხვა პარტნიორებიც ბუნებრივია, ვდგავართ იმ იდეალის სადარაჯოზე, რაც არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. თუ რა საგარეო პოლიტიკა აქვს ბურჯანაძის პარტიას, ეს უნდა ჰკითხოთ ბურჯანაძის პარტიას. შემიძლია, დაბეჯითებით გითხრათ, რომ ეს კოალიცია არის ცალსახად პროდასავლური. ბუნებრივია, არსებობს განსხვავებები, ჩვენ არ ვართ ერთი პარტია, ჩვენ კოალიცია იმიტომ ვართ, რომ განსხვავებული პოლიტიკური სუბიექტები ვართ, მაგრამ ამ კოალიციას აქვს ერთი ძირითადი მიზანი, „ქართული ოცნების“ დასრულება, ძალაუფლების განაწილება და საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია“, – განაცხადა გეგელიამ.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხს, როგორც გეგელია ამბობს, ამაზე ვერ იმსჯელებენ პოლიტიკოსები, არამედ ექიმებმა უნდა იმსჯელონ.

„მის გადაყვანაზე უნდა იმსჯელონ ექიმებმა და როგორც ისინი იტყვიან, ისე უნდა მოხდეს. დეტალებში ვერ შევალ, სად უნდა ჰოსპიტალიზდეს, როდის და როგორ, პოლიტიკოსები ამაზე ვერ ვიმსჯელებთ. პირველ რიგში, ჩემთვის ცნობილი არ არის ის ზუსტი გარემოებები, თუ რა პირობებში მოხდა საზღვრის კვეთა და ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, გამჭვირვალედ მასალა უნდა მიეწოდოს საზოგადოებას. მეორე, სამართლიანმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რა არის სააკაშვილის კონკრეტული ბრალეულობა. მას ბრალი სამართლიანი სასამართლოს მიერ არ აქვს წარდგენილი, მას აქვს მურუსიძის სასამართლოს მიერ. სამართლიანმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რა არის და როგორია მისი ბრალეულობა. როდესაც ვაცხადებთ, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების საგანი, იმას კი არ ვამბობთ, რომ უდანაშაულოა ან დამნაშავეა, არამედ ეს უნდა დაადგინოს სამართლიანმა სასამართლომ. ამას ჩვენ ვერ გადავწყვეტთ“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ ე.წ. კოალიციური გუნდი წარადგინა. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, მოძრაობა „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“, აგრეთვე „ევროპული საქართველოსა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის, „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები.