გრიგოლ გეგელია - „აირაის“ კვლევა დარღვევების მასშტაბს სრულფასოვნად ვერ გადმოსცემს, რადგან სადამკვირვებლო მისია იყო შეზღუდული
გრიგოლ გეგელია - „აირაის“ კვლევა დარღვევების მასშტაბს სრულფასოვნად ვერ გადმოსცემს, რადგან სადამკვირვებლო მისია იყო შეზღუდული

სხვა კვლევების მსგავსად, „აირაის“ კვლევა ძალიან ნათლად აჩვენებს არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებსა და გადაცდომებს, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „აირაის“ კვლევა დარღვევების მასშტაბს სრულფასოვნად ვერ გადმოსცემს, რადგან სადამკვირვებლო მისია იყო შეზღუდული.

„მე ვფიქრობ, „აირაის“ კვლევა, სხვა კვლევების მსგავსად, ძალიან ნათლად აჩვენებს დარღვევებსა და გადაცდომებს, მათ შორის არის სახელმწიფო რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის დაშინება, საზღვრების აღრევა პარტიულ და სახელმწიფოებრივ მიმართულებებს შორის. ეს კვლევაც სხვა კვლევებთან ერთად აჩვენებს იმას, რომ ამ არჩევნებზე იყო უთვალავი დარღვევა. ერთადერთი, ის მასშტაბს სრულფასოვნად ვერ გადმოსცემს, რაც აიხსნება იმით, რომ ძალიან მწირი, შეზღუდული იყო სადამკვირვებლო მისია „აირაისგან“ დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ბუნებრივია, „აირაი“ და სხვა პარტნიორები არიან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მათ აზრს პატივს ვცემთ და ყოველთვის მჭიდრო კავშირის კონსულტაციებში ვიმყოფებით, როგორც „აირაისთან“, ისე სხვა საერთაშორისო პოლიტიკურ ინსტიტუტებთან. რაც შეეხება ნდობას, აქ ობიექტური ფაქტორები ქმნის სირთულეს და არა სუბიექტური ფაქტორები, მათ შორის – ნდობის ფაქტორი. აქ სანდოობის საკითხი ნაკლებად დგას, რამდენადაც დგას ობიექტური პრობლემების საკითხი. სამწუხაროდ, გასულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება სრულფასოვნად, სრული მასშტაბით ვერ მოხერხდა“, – განაცხადა გეგელიამ.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.

IRI-ს ანგარიშის მიხედვით, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დაარსებულმა ხმის გაყალბების აღმოჩენის ცენტრმა, „როგორც ჩანს, ვერ მოახერხა საჭირო მტკიცებულებების შეგროვება საჩივრების დასადასტურებლად“.