ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა პარლამენტში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობაზე, ასევე პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საკითხზე იმსჯელეს.
„საინტერესო შეხვედრა შედგა სტუდენტებთან, მიმოვიხილეთ ის პროცესი, თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე. როგორ იყო ჩართული პარლამენტი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. პარლამენტმა გასულ წელს 600-ზე მეტი კანონი მიიღო, საიდანაც 100-ზე მეტი ეძღვნებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ საკანონმდებლო საქმიანობის პრინციპებზე, პარლამენტის რეგლამენტზე“, – განაცხადა გრეტა წიწავამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.