გორში ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებით, „საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრმა“ ანტიკორუფციულ სააგენტოში სარჩელი შეიტანა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრმა“ გორში ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებით ანტიკორუფციულ სააგენტოში სარჩელი შეიტანა. სარჩელში საუბარია საქართველოს პარლამენტში გორის მაჟორიტარ იოსებ მაკრახიძესა და გორის მერ კონსტანტინე თავზარაშვილს შორის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირინე სტურუა ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საგზაო მშენებლობების შესახებ 13 ტენდერი თითქმის უკონკურენტო გარემოში მოიგო შპს „იბოლიამ“, რომლის 40% წილის მფლობელი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა.
მისი თქმით, ჯამში საუბარია 6 მილიონზე მეტი ღირებულების კონტრაქტებზე, რაც გორის მერსა და დეპუტატს შორის გარიგების შესახებ ეჭვებს ბადებს და ანტიკორუფციულ სააგენტოსგან საქმის გამოძიებას მოითხოვს.
„2018-2019 წლის გორის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტენდერების შესწავლისას, ჩვენს ორგანიზაციას გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გორის მაჟორიტარ იოსებ მაკრახიძესა და გორის მერ კონსტანტინე თავზარაშვილს შორის არსებობს კორუფციული გარიგებები და ორმხრივი თანამდებობრივი ძალაუფლების გადამეტება, რაც გამოიხატა იმაში, რომ გორში ელექტრონული ტენდერები ჩატარდა 60%-ში და იქიდან 35% ყველაზე მსხვილი ტენდერები, 6 400 000 ღირებულების, მოიგო შპს „იბოლიამ“, რომლის 40%-ის მფლობელია იოსებ მაკრახიძე. ტენდერები ჩატარდა უკონკურენტო გარემოში, მხოლოდ ერთხელ გამოიკვეთა კონკურენტი და ისიც იყო კომპანია „შარა“, რომელიც იმყოფება მაკრახიძის ქალიშვილის, ოფელია მაკრახიძის მფლობელობაში. მის კომპანიას 92 მილიონის ოდენობის ტენდერები აქვს ქართლის მასშტაბით მოგებული, მაგრამ ამ კონკრეტულ ვითარებაში, ის არის გორის მაჟორიტარი და ფაქტობრივად, აქ ინტერესთა კონფლიქტიც იკვეთება, როდესაც გორის მაჟორიტარი გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებს მის მფლობელობაში მყოფი კომპანია. ჩვენ ვითხოვთ, ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და მოხდეს გადამოწმება, არის თუ არა მაკრახიძესა და თავზარაშვილს შორის კორუფციული გარიგებები და ორმხრივი თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება“, – განაცხადა ირინე სტურუამ.
გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ბრალდებებს სირუეს უწოდებს.
„ეს არის სიცრუე. წაგებული რამდენი აქვს, ნახე-თქო აბა. თუ ვიგებდი, მე ვიგებდი. როგორ გითხრათ, ეს არის ელექტრონული ტენდერი. ვინ იღებს მონაწილეობას, როგორ იღებს მონაწილეობას, არავინ იცის. კონკურენტს მე ხომ არ დავუწყებ ძებნას, რომ მოვიდეს კონკურენტი? ჩემი მონაცემები შემაქვს და დამთავრდა მაგით ყველაფერი. მე რახან პარლამენტარი გავხდი, აღარ ვფუნქციონირებ იქ, ჰოდა აღარ იმუშაოს იმ ორგანიზაციამ, სადაც 400-500 კაცი მუშობს“, – განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრი“ პარლამენტის წევრების შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას მომავალ კვირაშიც გეგმავს.