აუდიტის სამსახური - გორის მუნიციპალიტეტის საგზაო ტენდერებში კონკურენცია იზღუდებოდა
აუდიტის სამსახური - გორის მუნიციპალიტეტის საგზაო ტენდერებში კონკურენცია იზღუდებოდა

გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2017-2018 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში გზების რეაბილიტაციასა და მშენებლობაზე კონკურენცია იზღუდებოდა, – ასეთია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა.

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნებს, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, ტენდერები ტარდებოდა უკონკურენტო გარემოში, ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით ან ხდებოდა დაბალფასიანი სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია.

მაგალითად, სატენდერო მოთხოვნები მოიცავდა შესასრულებელი სამუშაოების არაგონივრულ გამოცდილებას, თავისუფალი ფინანსური რესურსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან სულ მცირე, 50 პროცენტის საკუთრებაში ფლობას და სხვა. აგრეთვე, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო, რომ ტექნიკური მოთხოვნების წარუდგენლობის შემთხვევაში, დაზუსტების გარეშე მოხდებოდა პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია.

„შედეგად, გაიზარდა შესყიდვის ღირებულება, რაც არაეკონომიურად განკარგულ საბიუჯეტო რესურსს წარმოადგენს“, – წერია დოკუმენტში.

2017-2018 წლებში, მუნიციპალიტეტმა ტენდერის გზით, 33 ხელშეკრულება გააფორმა საგზაო სამუშაოების შესყიდვისთვის, რომელთა ღირებულება 18.8 მილიონი ლარი იყო. 33 ტენდერიდან 21 შემთხვევაში შპს „საგზაო სამმართველო №1“-მა გაიმარჯვა, რვა შემთხვევაში – შპს „იბოლიამ“, ოთხ შემთხვევაში კი, შპს „შარამ“. ამ შესყიდვებიდან 21 ტენდერი  უკონკურენტო გარემოში ჩატარდა.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში საუბარია, მაგალითად, შპს „იბოლიას“ მიერ ტენდერებში გამარჯვებაზე მაშინაც კი, როცა სხვა კომპანიებს უფრო დაბალი ფასი ჰქონდათ შეთავაზებული.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს „იბოლიას“ 40-პროცენტიანი წილი გორის მაჟორიტარ დეპუტატს, იოსებ მაკრახიძეს ეკუთვნის.