სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივებმა მიწის ფართობის გასხვისებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ. მოსახლეობა ჯერ სოფელში შეიკრიბა, შემდეგ კი მათ ცენტრალური მაგისტრალისკენ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევისას სამართალდამცველებმა ერთი პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს.
საუბარია სოფელ ზედღულეთში არსებულ 75 ჰექტარ მიწის ფართობზე, საიდანაც 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 ჰექტარი კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია. ზეღდულეთის მოსახლეობა ამბობს, რომ მიწა ჯერ კიდევ 2009 წელს გასხვისდა ინდოეთის მოქალაქეებზე. მათივე თქმით, აღნიშნული ფართობის ნაწილი კერძო პირმა რამდენიმე თვის წინ გამოისყიდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ფართობის მფლობელი მოსახლეობას დასაქმებასთან ერთად, სთავაზობს სოფლის საკუთრებაში ტრაქტორის გადაცემას, თუმცა ამაზე არ თანხმდებიან, რადგან, როგორც მოსახლეობა განმარტავს, წლებია, ფართობს საძოვრებად იყენებენ.