გორის სამხედრო ჰოსპიტალში ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, დღეს ტესტი კიდევ ექვს მოქალაქეს ჩაუტარდება
გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში გუშინ ღამით 35 მოქალაქე შეიყვანეს. ამ დროისთვის გორის ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში 55 ადამიანი იმყოფება, აქედან ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ამასთან, ჰოსპიტლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი ოთხი სინჯიდან, ყველა უარყოფითია. დღეს ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის კიდევ ექვსი პირის ანალიზი გაიგზავნება.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის განცხადებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საეჭვო სიმპტომები ზოგ შემთხვევაში დაბალი ტემპერატურული რეაქციით და ხველით არის გამოხატული.
ამ დრომდე, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში ახალი კორონავირუსის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა.
„35 პირი შემოვიდა წუხელ ჰოსპიტლის საკარანტინო ნაწილში. ყველა მათგანი არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოყვანილი. აქედან, ექვსი პირის ანალიზი დღეს გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. მათ აქვთ დაბალი ტემპერატურული რეაქცია, ზოგს ხველა. დანარჩენების მდგომარეობა ნორმალურია. დავაკვირდებით და ამის შემდეგ გაიცემა რეკომენდაცია, ზოგი თვითიზოლაციაში გააგრძელებს, ზოგი დარჩება ჰოსპიტალში. სულ 55 პირია საკარანტინო სივრცეში. ამ დრომდე აქ კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს“, – განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალი ინფექციის მართვის კუთხით მუშაობის რეჟიმზე არის გადასული. ბოქსირებულ განყოფილებაში კლინიკა 40 პაციენტის მიღებას შეძლებს.