გორის საკრებულოში საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა
გორის საკრებულოში საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა

საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრასა და საშტატო ნუსხის დამტკიცებას ხმაური მოჰყვა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გააპროტესტეს.

მათი თქმით, სოციალური ფონი ქვეყანაში მძიმეა და ამ პირობებში, ხელფასების ზრდას ისინი მხარს არ დაუჭერენ. საკითხის კენჭისყრის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს.

2017 წლის 14 ნოემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანას საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. პროექტის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილის ხელფასი 500 ლარით, ხოლო მის მოადგილეების – 300 ლარით გაეზარდათ.