გორის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ჯობია, იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს
გორის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ გოგინაშვილი თანამდებობას და პარტიის რიგებს ტოვებს.
როგორც გოგინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ჯობია, შეუერთდეს იმ ხალხს, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს.
„ჩემთვისაც ძალიან რთულია, ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო ხალხში და ვზომო, რამდენის თქმაა საჭირო და რამდენის – არა. მე მგონი, ჯობს, იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს…
მაშინ, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს გააჩნია, უახლოესი პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან ასეთი მძიმე შეფასებები მოვისმინეთ. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვესმინა კითხვებზე პასუხები, ვნახეთ შეურაცხყოფა და უპატივცემლობა.
ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის, როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს, უბიძგონ ჩვენს ქვეყანას. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ, ყველა მსგავს ძალასა და მცდელობას, სამწუხაროდ ვნახეთ საპირისპირო.
სწორედ ამიტომ, ვუერთდები ჩემი კოლეგის მოწოდებას, ვტოვებ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, არავის მივცე საშუალება, კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში“, – წერს მიხეილ გოგინაშვილი „ფეისბუქზე“.
დღესვე პარტიის რიგები და თანამდებობები დატოვეს ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.