გორის საკრებულომ ქალაქის ახალი გერბი და დროშა დაამტკიცა
გორის საკრებულომ ქალაქის ახალი გერბი და დროშა დაამტკიცა

გორს ახალი გერბი და დროშა აქვს. სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ დადგენილება მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა. დადგენილება დღეს, 17 ივლისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. დოკუმენტში გერბისა და დროშის ფოტოები და მათი აღწერილობაა მოცემული.

„გორის მუნიციპალიტეტის გერბის ფარი გადაკვეთილია და გაკვეთილია ოთხ ნაწილად (ველად) ვერცხლის თეთრი ჯვრით, რომელზეც განთავსებულია მეწამული წითელი მოტივტივე ჯვარი.პირველი ნაწილი – მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ორი ოქროს ისრით გამსჭვალული ვერცხლის მთა (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით.

მეორე ნაწილი – ლაჟვარდის ველზე გამოსახულია გადაშლილი ვერცხლის (თეთრი) წიგნი.

მესამე ნაწილი – ლაჟვარდის (ლურჯ) ველზე გამოსახულია ოქროს ძნა.

მეოთხე ნაწილი – მეწამულ წითელ ველზე გამოსახულია ოქროს სამი რცხილის ფოთოლი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ ვერცხლ-მეწამულ ბაფთაზე მოთავსებულია გერბის დევიზი. ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „გორი“, – ასეა აღწერილი დადგენილებაში ახალი გერბი.

დროშის შესახებ კი დოკუმენტში შემდეგი ინფორმაციაა მოცემული: „გორის მუნიციპალიტეტის დროშის ველი თეთრქობაშემოვლებული მეწამული ჯვრით გაყოფილია ოთხ ნაწილად. დროშის პირველი და მეოთხე ნაწილი მეწამულია, ხოლო მეორე და მესამე ნაწილი ლაჟვარდისფერი. ზედა მარჯვენა მეწამულ ველზე გამოსახულია ორი ოქროს ისრით გამსჭვალული ვერცხლის მთა (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით.
დროშის პროპორცია 2/3“, – აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში.