გორის რაიონულ სასამართლოში შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება
გორის რაიონულ სასამართლოში ასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება.
სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობა გაიმართება, ასევე, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაც მოხდება.
მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის დედას მოკლული ჩვილის ნათესავები ადანაშაულებენ, თითქოსდა მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული „მკვლელობის დღეს რაღაცას გეგმავდა”.
საქართველოს პირველ არხს გარდაცვლილი ჩვილის მამის ნათესავებმა დღეს ის მოკლეტექსტური შეტყობინება აჩვენეს, რომელიც მკვლელობის დღეს მისწერა ბრალდებულს დედამ. ოჯახი ეჭვობს, რომ ბრალდებულის დედას გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა. არასრულწლოვანის დედა გულო კილაძე აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა.
პროცესის დაწყების წინ ხმაური მოჰყვა სასამართლოსი მკვლელობაში ბრალდებულის ნათესავების გამოჩენას.
21 მაისს, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში შვიდი თვის ბავშვი მამამ სახლში მოკლული იპოვა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში პოლიციამ ბავშვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილი ჩვილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.