გორის მუნიციპალიტეტში 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
გორის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“ 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს დაუდასტურდა. ამ წუთებში ეპიდემიოლოგების ჯგუფი ადგილზე მუშაობს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინე გიუნაშვილმა დაუდასტურა.
გორში მცხოვრებ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი10-მდე პირი გადაყვანილია თვითიზოლაციაში და აღებულია ორი ნიმუში, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა. სამის ინფიცირების წყარო ცნობილია და ის უკავშირდება ქობულეთის კლასტერს, 40 წელს გადაცილებული მამაკაცის ინფიცირების წყაროს დადგენაზე კი სპეციალისტები მუშაობენ.
გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სულ 25 შემთხვევაა დადასტურებული.