გომბორის უღელტეხილზე მანქანების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი.
აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30-ადგილიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
როგორც პირველ არხს საგზაო დეპარტამენტის თელავის სამმართველოს წარმომადგენელმა თამაზ აბდულაშვილმა განუცხადა, უღელტეხილზე ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და ამ დროისთვის – 6,5 გრადუსია.
„ტემპერატურის დაცემამ გზის გაყინვა გამოიწვია. განსაკუთრებით შუამთიდან სოფელ ვერონამდე გზის მონაკვეთი საფრთხის შემცველია. საგზაო სამმართველო მობილიზებულია და ვახდენთ როგორც გზის გაწმენდას, ასევე ტექნიკური მარილის მოყრას“, – განაცხადა აბდულაშვილმა.
გომბორისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვებიდან გამომდინარე კონტროლს საპატრულო პოლიცია ახორციელებს.