ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გოლანის მაღლობებზე ახალი დასახლების გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
დასახლებას აშშ-ის პრეზიდენტის საპატივცემულოდ „ტრამპის მაღლობები“ უწოდეს. როგორც ცერემონიაზე ნეთანიაჰუმ განაცხადა, დასახლების გახსნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამსახურებაა, რომელმაც გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.
„ეს არის ისტორიული დღე“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიჰუმ, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპს ისრაელის მეგობარი უწოდა. დასახლების გახსნის ცერემონიას ისრაელში აშშ-ის ელჩი დევიდ ფრიდმანი ესწრებოდა.
დასახლებაში ჯერ არ არის საცხოვრებელი სახლები, თუმცა უკვე დგას ტრაფარეტი ტრამპის სახელით და ისრაელისა და აშშ-ის დროშებით. მთავრობას დასახლების ასაშენებლად თანხა ჯერ არ გამოუყვია.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოპონენტები დასახლების გახსნას პრემიერ-მინისტრის მხრიდან სექტემბერში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებს უკავშირებენ.
„იმედი ვიქონიოთ, პრეზიდენტმა ტრამპმა არ იცის, რომ მისი სახელი პიარკამპანიაში გამოიყენება“, -აღნიშნა გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელთან“ საუბარში ნეთანიაჰუს მთავრობის ყოფილმა მდივანმა ცვი ჰაუზერმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი 25 მარტს აღიარა. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმა, არაბული სახელმწიფოების ლიგამ, თურქეთმა, სირიამ, ირანმა, რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა დაგმეს.
გოლანის მაღლობები სირიის დედაქალაქ დამასკოდან 40 კილომეტრში მდებარეობს. რეგიონის ფართობი დაახლოებით ათასი კვადრატული კილომეტრია.