გოგიტა თოდრაძე - მარტში რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი შენელდა და სახეზეა ეკონომიკის 2.7 პროცენტიანი შემცირება
გოგიტა თოდრაძე - მარტში რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი შენელდა და სახეზეა ეკონომიკის 2.7 პროცენტიანი შემცირება

2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 2.7 პროცენტიანი შემცირება, – ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ონლაინბრიფინგზე განაცხადა.

შესაბამისად, მისი თქმით, პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 1.5 პროცენტია.

„2020 წლის მარტში, შემცირების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში მშენებლობის, ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორების გარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების, ვაჭრობის და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში“, – განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი თქმით, ექსპორტის მაჩვენებელი 2020 წლის მარტში შემცირებულია დაახლოებით 22 პროცენტით, ხოლო იმპორტის მოცულობა შემცირდა 13.4 პროცენტით.

„ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ გარკვეული გავლენა მოახდინა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელზე. აღნიშნული მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის მარტში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 2426-ით განისაზღვრა და ეს მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია დაახლოებით  48 პროცენტით“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მისივე ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 6.3 მლრდ ლარია და აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, 0.7 პროცენტით აღემატება.

„როგორც მოგეხსენებათ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ არსებითი გავლენა მოახდინა ტურიზმის სექტორზე, მნიშვნელოვანი შემცირება გამოვლინდა  სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, რაც რასაკვირველია დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების შემცირებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 59 პროცენტით არის შემცირებული საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მაჩვენებელი.

გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2020 წლის მარტის მეორე ნახევრიდან გამოცხადდა საგანგებო მდგომარობა, შეიზღუდა რეგულარული რეისები. ასევე აღსანიშნავია, რომ შეიზღუდა  გარკვეული ტიპის ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის სასტუმროებისა და რესტორნების საქმიანობა, რამაც, რასაკვირველია,  ნეგატიური გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლზე“, – განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, ტრანსპორტის სექტორში შემცირების ტენდენცია ძირითადად დაკავშირებული იყო სახმელეთო, საჰაერო და სამგზავრო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ასევე მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობაც გარკვეულწილად შემცირებულია.

„კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორში, რაც დაკავშირებული იყო ძირითადად აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებასთან.  ვაჭრობის დარგში კლება ძირითადად განაპირობა ავტომობილებისა და ავტომობილების დეტალების  ვაჭრობის მოცულობის შემცირებამ. აქვე აღსანიშნავია, რომ 38 პროცენტით შემცირდა  მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. შემცირებულია ასევე საბითუმო ვაჭრობა ბენზინით, დიზელით, გაზის სათბობით. საცალო ვაჭრობა შემცირდა ძვირფასეულობით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით და რასაკვირველია, ამ ყველაფერზე გავლენა მოახდინა ასევე ტურისტების რაოდენობის კლებამ“, – განაცხადა საქსტატის ხელმძღვანელმა.

ასევე, როგორც მან განმარტა, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან – თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მიმართულებასთან. ამასთან, დაახლოებით 57 პროცენტით არის შემცირებული ფერო სილიკონ-მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი.

„მშენებლობის სექტორში ზრდის ტენდენციები ძირითადად განაპირობა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობამ – გზების, ავტობანების, ხიდებისა და სხვა საინჟინრო მოწყობილობების მიმართულებით. ზრდა დაფიქსირდა ასევე, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების, როგორიც არის ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები. წყლის გაყვანილობის, გათბობისა და კონდიცირების სისტემების მონტაჟმა“, – განაცხადა თოდრაძემ.

მისივე ინფორმაციით, ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში, ზრდა დაკავშირებული იყო საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის მომატებასთან, ციფრულ ტექნოლოგიებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად.

დატოვე კომენტარი