გოგიტა ცუცქირიძე - ანაკლიის თემაც და „მუქარის წერილიც“ ჯოკერად გამოყენების მცდელობა იყო, როგორც ხელისუფლებასთან ვაჭრობა და შანტაჟი
გაუგებარია, რაში სჭირდება ამ თემაზე ხაზარაძეს მუდმივად ხმაურის ატეხვა, და პოლიტიზირების მცდელობა, მით უმეტეს თუ თავს დამნაშავედ არ თვლის, – ამის შესახებ ექსპერტი გოგიტა ცუცქირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„ხაზარაძის დღევანდელმა განცხადებებმა და ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევამ დამატებითი ინტრიგა შესძინა მთელ ამ პროცესს, თუმცა გაცილებით საინტერესო ის არის, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ვიცე-პრემიერს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და ხაზარაძეს, ღია ეთერში კითხვებისთვის პასუხის გაცემა შესთავაზა და როგორც გვახსოვს, მან ამ დებატებზე უარი თქვა, საკმაოდ პროზაული პასუხით ის ანაკლიის კონსორციუმს აღარ წარმოადგენს.
რაც შეეხება დღევანდელ განცხადებას. პირველი ტყუილი, რაც იყო ამ განცხადებაში, არის ის, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა მიმართეს ბრიტანეთს „ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში“. მაგრამ, როგორც პროკურატურის განცხადებიდან შევიტყეთ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კი არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისთვის, მით უმეტეს ანტიტერორისტული ბრალდებით. პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობის შესახებ, ანუ აღნიშნული კომუნიკაცია შედგა სწორედ ბრიტანელების მოთხოვნით.
ბრიტანეთს თავისი მდიდარი პოლიტიკური ისტორიიდან გამომდინარე, ნამდვილად არ შეეშლება პოლიტიკური და სისხლის სამართლის დევნის ერთმანეთში არევა. ასევე, როგორც პროკურატურის კომენტარიდან გახდა ცნობილი, საუბარია კონვენციაზე, რომელსაც ჰქვია – „ფულის გათეთრება, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლის გათეთრება, მოძიება, ამოღება, კონფისკაცია და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ და სწორედ ამ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებშიც ხდება ქართული და ბრიტანული მხარეების თანამშრომლობა.
რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრიფინგზე ხაზგასმულ ანტიტერორიზმს, ესეც არის მორიგი ტყუილი და მეტი არაფეტრი. რაც შეეხება ანაკლიის პორტს – ასევე გამოჩნდა, რომ ანაკლიის თემაც და ცნობილი „მუქარის წერილიც“, რომლის ექსპერტიზის პასუხიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა გვენახა და დღემდე არ გვინახავს, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობა უფრო იყო, როგორც ხელისუფლებასთან ვაჭრობა და შანტაჟი, დროის დეფიციტის შესაქმნელად და ამ თემის გადაფარვისთვის; და ბოლოს, მამუკა ხაზარაძეს, და მის პოლიტიკურ პერსპექტივებს. პოლიტიკა პასუხისმგებლობიდან გაქცევას არ ნიშნავს, უფრო კი პირიქით არის. აქედან გამომდინარე, მთელი ეს მის რიტორიკა, მესამე ძალის შექმნაზე და ახალგაზრდების ჩართულობაზე, ასოციაციებს პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ ავანსცენაზე შემოსვლასთან და შემდეგ სამარცხვინო გასვლასთან უფრო იწვევს. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვივარაუდე პროცესის დრამატიზირება ვატერლოოს სცენარით…წინა პოსტში – ხაზარაძის ვატერლოო?! აღვნიშნე, რომ სესხის გაცემის და შემდეგ მისი ჩამოწერის ბანკის მხრიდან განხორციელებული პროცედურა, არის საზედამხედველო მარეგულირებელი ნორმების დარღვევა და ადმინისტრაციული დანაშაული, რასაც „თიბისი“ ბანკიც დაეთანხმა და გადაიხადა ჯარიმა მილიონის სახით, რაც შემდგომში ასევე დაადასტურა „თიბისის” აუდიტორულ შეფასებასთან დაკავშირებით, დიდი ოთხეულის წევრმა PWC (პრაის უოთერ ჰაუს კუპერსი). კერძოდ, კომპანია დეტალურად გაეცნო რა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის 19 ნოემბერს „თიბისი ბანკის“ შესახებ მიღებულ დასკვნას, რომელიც 2008 წლის განმავლობაში განხორციელებულ ტრანზაქციებს და ბანკის დაჯარიმებას ეხება დაასკვნა, რომ აღნიშნული ჯარიმა სწორად იყო აღრიცხული; პროკურატურის მხრიდან მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი ბრალი ედებათ საკმაოდ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულში, ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, მაგრამ ცოტა გაუგებარია, რაში სჭირდება ამ თემაზე ხაზარაძეს მუდმივად ხმაურის ატეხვა, და პოლიტიზირების მცდელობა, მით უმეტეს თუ თავს დამნაშავედ არ თვლის?! და თუ საქმეს ქართულ სასამართლოში წააგებს, თავისუფლად შეუძლია იგი გაასაჩივროს საერთაშორისო არბიტრაჟში“, – წერს გოგიტა ცუცქირიძე.