გოგი მეშველიანი - სოფელ სავანეთში კარანტინის ზომების გამკაცრება კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევის გამოვლენას უკავშირდება, რომლის წყაროც დადგენილი არ არის
ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის განცხადებით, სოფელ სავანეთში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების მიუხედავად, შეფერხების გარეშე მოხდება სურსათითა და მედიკამენტებით მოსახლეობის მომარაგება.
გოგი მეშველიანის თქმით, სოფელში კარანტინის ზომების გამკაცრება კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევის გამოვლენას უკავშირდება, რომლის წყაროც დადგენილი არ არის.
„რამდენიმე შემთხვევა იქნა გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების სოფელ სავანეთიდან, რომლის წყაროც ვერ დადგინდა ეპიდემიოლოგების მიერ. ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, საკარანტინო ზომების გამკაცრების შესახებ, შესაბამისად ეს სოფელი დღეიდან იქნება ჩაკეტილი. პირველ რიგში აქ სურსათით უზრუნველყოფა და ამ მიზნით შემომავალი მანქანები იქნებიან შეშვებული, ასევე იქნება წამლებით უზრუნველყოფა, ივლიან საპოლიციო ძალების წარმომადგენლები, ბუნებრივია, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომელთაც კონკრეტული ფუნქციური დატვირთვა ექნებათ ამა თუ იმ შესვლის მომენტში. დღეს პირველი დღეა, მიდის მოქალაქეების ინფორმირება. ამ გზაზე რამდენიმე სხვა სოფელიც არის, აქ არის სოფელი ტალავერი შვიდი ათასამდე მოსახლით. მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ მოქალაქეების ტრანზიტი. ჩვენ ვფიქრობთ, გამოვიყენოთ მათთვის შემოვლითი გზა, იმისათვის, რომ არ მოხდეს სოფლის მოსახლეობასთან კომუნიკაცია. აქტიურად არიან ჩართული შსს-ს ძალები, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და ვფიქრობთ, რომ ამ სოფელში იქნება ვითარება სტაბილური და დაექვემდებარება კონტროლს“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის რაიონის სოფელ სავანეთში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.