გოგი მეშველიანი - სოფელ ნახიდურში მომხდარი არ არის შემთხვევითი ინციდენტი, ჩვენმა ოპონენტებმა იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, ამიტომ გამოვიდნენ წონასწორობიდან და ბინძურ პროვოკაციებს აწყობენ
გოგი მეშველიანი - სოფელ ნახიდურში მომხდარი არ არის შემთხვევითი ინციდენტი, ჩვენმა ოპონენტებმა იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, ამიტომ გამოვიდნენ წონასწორობიდან და ბინძურ პროვოკაციებს აწყობენ

ჩვენმა ოპონენტებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს არჩევნები აქვთ წაგებული, ყველა რეიტინგული გამოკითხვა ამის წინაპირობას იძლევა, ეს არის მათი ძილის დაფრთხობის მიზეზი, სწორედ ამიტომ გამოვიდნენ წონასწორობიდან და ასეთ ბინძურ პროვოკაციებს აწყობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მომხდარ ფაქტს წინ უძღოდა ორი დღის წინ მომხდარი ინციდენტი.

„ორი დღის წინ ჩვენს აქტივისტს, ხაიან მისაევს ბატონი არიფ იუსუპოვი მიუვარდა სახლში, სავარაუდოდ დასამუქრებლად. ხაიამი არ დახვდა მას სახლში, იუსუპოვმა მიაკითხა მას ერთ-ერთ ჩაიხანაში, ნახიდურის გვერდით მდებარე ერთ-ერთი სოფლის ტერიტორიაზე, რა დროსაც ხაიამი იმყოფებოდა რამდენიმე მეგობართან ერთად. იუსუპოვი მას დაემუქრა, რომ თუ ის გააგრძელებდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას და ჩვენს სააგიტაციო კამპანიაში მონაწილეობის მიღებას, ფიზიკურად გაუსწორდებოდა. როგორც ხაიამი ამბობს, მან სერიოზულად არ აღიქვა მუქარა და შესაბამისი განცხადებით იმ დღეს პოლიციას არ მიმართა. დღეს ჩვენი მულტიეთნიკური ჯგუფი, შერეული ქართულ-აზერბაიჯანული ჯგუფი, აგრძელებდა ჩვეულებრივ სააგიტაციო სამუშაოს, რომლის ფარგლებშიც აკრავდნენ სააგიტაციო მასალას, შედიოდნენ კომუნიკაციაში ადამიანებთან და ეწეოდნენ ჩვეულებრივ აგიტაციას. როგორც ჩვენი აქტივისტები ამბობენ, ამ პერიოდში მათ რამდენჯერმე აუარ-ჩაუარა მანქანით სხვა პირებთან ერთად და როცა შუალედში შევიდნენ ერთ-ერთ ჩაიხანაში, რომელიც ჩვენს შტაბთან დაახლოებით 30-40 მეტრში მდებარეობს, ადგილზე მყოფ პირებთან მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება. ამ დროს იქ გამოვიდა იუსუპოვი და მის გამოჩენას ჩვენს ერთ-ერთ მხარდამჭერზე ზურგიდან მოჰყვა თავდასხმა, მძიმე ბლაგვი საგნის ჩარტყმის მცდელობა, რომელიც მეორე აქტივისტის ჩართულობით იქნა არიდებული. ეს ვითარება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩაიხანაშივე და ბუნებრივია, ჩვენი ჯგუფის სხვა წევრებმა სცადეს ვითარების განმუხტვა, ჩვენები გამოიყვანეს და მოიყვანეს შტაბთან. შტაბთან სანამ გაერკვნენ, რა მოხდა, ვინ დაესხათ თავს, მოხდა განმეორებით თავდასხმა ხელკეტებისა და ქვების გამოყენებით, რა დროსაც ჩვენი ორი აქტივისტი, სამწუხაროდ, დაზიანდა მძიმედ. დაზიანებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი, თუმცა მათი მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციას ამ ეტაპზე არ საჭიროებს“, – აღნიშნა გოგი მეშველიანმა.

მისივე თქმით, დღეს მომხდარი არ არის შემთხვევითი ინციდენტი.

„მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის შემთხვევითი საკითხი. არ არის შემთხვევით მომხდარი ინციდენტი. ჩვენმა ოპონენტებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს არჩევნები აქვთ წაგებული, ყველა რეიტინგული გამოკითხვა ამის წინაპირობას იძლევა. ძალიან კარგად იციან მათ, რომ ბოლნისში აქვთ ძალიან მყიფე პოზიციები. ბოლნისი, მოგეხსენებათ, გახლავთ ამ დიდი საარჩევნო ოლქის დიდი მუნიციპალიტეტი. შეიძლება, ითქვას, რომ ამომრჩევლის ნახევარი ცხოვრობს ჩვენს მუნიციპალიტეტში და ასეთი ბინძური ხრიკების გამოყენებით ისინი ცდილობენ ვითარების დაძაბვას და პირველ რიგში, ჩვენი პარტნიორებისთვის წარმოჩენას, თითქოს ჩვენ ძალადობრივი მეთოდებით ვცდილობთ არჩევნების წარმართვას. ეს ჩვენ არ გვჭირდება, ბოლნისის მოსახლეობას ვიცნობთ. ყველა არჩევნებზე მკაფიო და გამორჩეულად კარგი შედეგები გვქონდა. ეს არის მათი ძილის დაფრთხობის მიზეზი, სწორედ ამიტომ გამოვიდნენ წონასწორობიდან და ასეთ ბინძურ პროვოკაციებს აწყობენ“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

რაც შეეხება მის ძმას, გოგი მეშველიანის თქმით, სწორედ მისი ძმის დახმარებით მოხერხდა ვითარების განმუხტვა. მისივე თქმით, ოპონენტები მომხდარის განსხვავებულად წარმოჩენას ცდილობენ.

„ჩემი ძმა გოჩა მეშველიანი გახლავთ პოლიციის გადამდგარი ოფიცერი, მაიორის წოდებით, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ოჯახური ტრაგედიის გამო დატოვა პოლიციის რიგები. მთელი სულითა და შინაარსით არის პოლიციელი. ჩემი ძმა დღეს არის ჩვენი პარტიის აქტივისტი და ნახიდურისა და გვერდზე მდებარე თამარისის ზონის უფროსი. შესაბამისად, ის საარჩევნო პროცესებში ჩართულია მუდმივად. ჩემი ძმა პირველი ინციდენტის დროს ნახიდურის მიკროშტაბში იყო თავის აქტივთან ერთად და მას შემდეგ, რაც ჩაიხანაში მოხდა ჩხუბი და ამის შესახებ მისთვის გახდა ცნობილი, ის ჩვენი აქტივის ნაწილთან ერთად მივიდა. სწორედ მისი დახმარებით მოხერხდა დაპირისპირების პირველი ფაზის განმუხტვა და ჩვენი აქტივისტების ჩაიხანიდან გამოყვანა. გამოყვანის შემდეგ, როგორც აღვნიშნე, უკვე მოხდა განმეორებითი აგრესიის აქტი. რასაც ყვებიან ყველაფერი, საპირისპიროდ მოხდა. არც მიკვირს, თავის დროზე მოდელირებული „ქრონიკის“ შემქმნელები ამ სიბინძურეზე წამსვლელები არიან და ყველაფრის შემბრუნებლები, ეს ჩვენს საზოგადოებას არ უნდა გაუკვირდეს“, – აღნიშნა გოგი მეშველიანმა.

მისი თქმით, ოპონენტები სხვა სოფლებშიც ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას. რაც შეეხება ნახიდურში მომხდარი ინციდენტის დროს იარაღის გამოყენებას, მეშველიანის თქმით, მსგავს ინფორმაციას არ ფლობს.

„სხვა ჩვენი სოფლებიდანაც მოდის ინფორმაცია, რომ ცდილობენ ჩვენს აქტივისტებზე ზეწოლას, მსგავსი პროვოკაციების მოწყობას. ბუნებრივია, ჩვენ ყველა გვყავს გაფრთხილებული, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ ჩაერთონ პროვოკაციაში. გამორიცხულია, რომ ჩვენმა აქტივმა თავისი ინიციატივით რამე აგრესიული ქმედება განახორციელოს, თუმცა ყველა ადამიანი, თავდაცვის უფლება ყველას აქვს და შესაბამისად, ვინ როგორ დაიცავს თავს, ეს მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება იარაღის გამოყენებას, ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს, არც მსმენია, რომ იქ რომელიმე მხარემ რაიმე ფორმით იარაღი გამოიყენა. რაც შეეხება იმ ორ დაზარალებულს, ორივეს დგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ერთ-ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით დაზიანება მიყენებული, ნახეთქი ჭრილობით და ტვინის შერყევით“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში დაპირისპირება 27 სექტემბერს მოხდა.