გოგა ხაინდრავამ აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს წერილით მიმართა
გოგა ხაინდრავამ აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს წერილით მიმართა

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს წერილით მიმართა. აღნიშნულის შესახებ ხაინდრავამ დღეს ჟურნალისტებს გააცნო ინფორმაცია.

წერილი შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, გოგა ხაინდრავა ელჩს მიმართავს, დაადასტუროს ან უარყოს სინამდვილეში გამოაგზავნა თუ არა 2007 წელს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ წერილი საქართველოში, რომელშიც იმჟამინდელ ხელისუფლებას აფრთხილებდა რუსეთის მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ.

„2023 წლის 5 დეკემბერს მოგმართეთ ღია წერილით, რომელიც იმავდროულად ქართულ პრესაში იყო გამოქვეყნებული. გთხოვეთ, განგემარტათ, დაგედასტურებინათ ან უარგეყოთ, სინამდვილეში გამოაგზავნა თუ არა 2007 წელს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ წერილი, რომელშიც საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას აფრთხილებდა რუსეთის მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ. გაგახსენებთ. 2023 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ამჟამად მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, თითქოს 2007 წლის 7 ნოემბერს ქ.თბილისში ადგილი ჰქონდა ოპოზიციის მიერ რუსეთიდან დაკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების განხორციელების მცდელობას, რის შესახებ იგი წინასწარ გააფრთხილა წერილით აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ.

მოგახსენებთ, რომ, ამ საბაბით, სააკაშვილის რეჟიმმა იმ დღეს ჩაიდინა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო დანაშაული − გაუგონარი სასტიკით გაუსწორდა საკუთარ მოქალაქეებს. ამ არაადამიანური დარბევის შესახებ უამრავი ვიზუალური მასალა არსებობს, და თუ აქამდე არ გასცნობიხართ მას, გირჩევთ აუცილებლად ნახოთ თქვენი თვალით ეს კადრები, რათა შთაბეჭდილება შეგექმნათ, სინამდვილეში რა „ძალას“ წარმოადგენს დღეს ოპოზიციაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლიდერი. ვფიქრობ, ეს იმიტომაც უნდა იყოს თქვენთვის საინტერესო, რომ გააანალიზოთ, რამდენად შესაფერისი იყო აშშ-ის იმჟამინდელ პრეზიდენტის, ჯ.უ.ბუშ-უმცროსის მიერ სააკაშვილის „დემოკრატიის შუქურად“ შერაცხვა, ხოლო ამერიკის პოლიტელიტის გარკვეული ნაწილისთვის − დღემდე! − ამ ფორმით მისი მოიხსენიება. რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკულ პრესაზე და მედიაზე, სადაც შეკვეთილი წერილებით და სატელევიზიო სიუჟეტებით თუ ვიმსჯელებთ, სააკაშვილი ლამის ამერიკის დამფუძნებელ მამებთან არის გაიგივებული. თუ რა შემადგენლობით იყო წარმოდგენილი იმდროინდელი ოპოზიცია, ჩამონათვალს აღარ გავიმეორებ, პირველ წერილში დეტალურად მოგწერეთ.

ერთ გარემოებას გავუსვამ ხაზს, რომ მაშინ იქ იყო საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი − სალომე ზურაბიშვილი. ასე რომ, საკითხი მარტივად დგას, თუ აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ამჟამად მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მაშინ წერილობით გააფრთხილა, რომ საქართველოში რუსეთის მიერ ინსპირირებული სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება და 2007 წლის 7 ნოემბერს ადგილი ჰქონდა ამ მცდელობას, გამოდის, რომ, სააკაშვილისა და აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ვერსიით, ამ საქმეზე ბრალდებული ექსპრეზიდენტი სააკაშვილი კი არ უნდა იყოს, არამედ სახელმწიფოს ღალატის მუხლით, სამართალში მიცემული უნდა ვიყოთ ჩვენ − იმდროინდელი ოპოზიციის წევრები, პრეზიდენტ ზურაბიშვილის თამადობით. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, გვაკადრებთ თუ არა ქართული საზოგადოებისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხზე განმარტებას, დაადასტურებთ ან უარყოფთ მსგავსი წერილის არსებობას თუ ისევ დუმილს ამჯობინებთ. მინდა, დაგარწმუნოთ, ქალბატონო ელჩო, რომ თქვენი მხრიდან ამჯერადაც პასუხის არგაცემა უკვე პასუხი იქნება − რამდენად სასარგებლო სამომავლოდ ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის, რომელთა შესახებ თქვენ ვრცლად ისაუბრეთ საქართველოს პარლამენტში ა/წ 28 თებერვალს, ამას მომავალი გვაჩვენებს“, – ნათქვამია აშშ-ის ელჩისადმი გაგზავნილ წერილში.