გოგა ხაინდრავა - ზაზა შათირიშვილს რომ კითხვები დაუსვა, მისი განათლებისა და ცოდნის მეასედი მაინც უნდა გქონდეს
სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ზაზა შათირიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გონიერი, წესიერი და ქართული საზოგადოების ყველაზე განათლებული წარმომადგენელია, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ეამაყება, რომ ზაზა შათირიშვილის მეგობარია.
„მინდა სახალხოდ განვაცხადო, მე მეამაყება, რომ ვარ ზაზა შათირიშვილის მეგობარი. ზაზა შათირიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გონიერი, წესიერი, ქართული საზოგადოების ყველაზე განათლებული წარმომადგენელი და ვთვლი, რომ ის ქვეყანა ბედნიერია, რომელმაც ასეთი შვილი გაზარდა. ზაზა შათირიშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევ კომისიაში დაკითხვა, რომელიც საჯაროდ იყო განხორციელებული ზუსტად იმ სირცხვილით დამთავრდა, რა სირცხვილითაც უნდა დამთავრებულიყო. იმისთვის, რომ ზაზა შათირიშვილს რაღაც კითხვები დაუსვა, მისი განათლებისა და ცოდნის მეასედი მაინც უნდა გქონდეს. იმ ადამიანებს, ვინც ცდილობდა, რომ ზაზა შათირიშვილი რაღაც ხაფანგში გაება, ამის მეამემილიონედიც არ აქვთ. იმიტომ იყო ის კომედია, რა კომედიაც გაუმართა ზაზა შათირიშვილმა ამ მანქურთებს, განათლების თვალსაზრისით. თუ არსებობს დამოუკიდებლობა და პიროვნული თავისუფლება, მისი სახე არის ზაზა შათირიშვილი, რომელმაც მთელი თავის ცხოვრებით დაადასტურა ეს. ამის მაგალითია ის ფაქტი, რომ როდესაც ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჭიაბერაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში”, ამ ყაჩაღების დანაშაულებრივ ჯგუფში გაერთიანდნენ, ადამიანობის ზღვარი გადალახეს, ზაზა შათირიშვილმა მათთან ურთიერთობა გაწყვიტა. სამეურვეო საბჭოში ზაზა შათირიშვილის ყოფნა აუცილებელი წინაპირობაა იმისა, რომელიც აქვს ბორდს. ისევე აუცილებელია ბორდში ერონული უმცირესობის წარმომადგენლის ყოფნაც, რადგან ეს არის საზოგადოებრივი არხი და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი უნდა იყოს იქ, რათა აკონტროლებდეს იმ მოთხოვნილებებს, იმ საჭიროებებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს”, – განაცხადა ხაინდრავამ.