გოგა ხაინდრავა - შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქციები ეროვნულ სპორტად გვექცა, სააკაშვილი აღარავის ახსოვს, ისიც კი რცხვენიათ, რომ ვინმემ „თავისუფლება მიშას” პლაკატი ასწიოს
გოგა ხაინდრავა - შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქციები ეროვნულ სპორტად გვექცა, სააკაშვილი აღარავის ახსოვს, ისიც კი რცხვენიათ, რომ ვინმემ „თავისუფლება მიშას” პლაკატი ასწიოს

შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქციები ეროვნულ სპორტად გვექცა, ძირითადად ამ გზას მივყვებით და რეალურად ერთი შემთხვევის გარდა ამას არანაირი შედეგი ჩვენთვის არ მოუტანია, ყოველ შემთხვევაში დადებითი, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„2003 წელს იმ ადამიანებისთვის, ვინც აქციებს ატარებდა, სასურველი შედეგი გამოიღო, თორემ ქვეყანამ ამისგან რამდენად იხეირა, ეს ყველა თქვენგანმა განსაჯოს. ამ შემთხვევაში კი, ჩვენ საქმე გვქონდა შიკრიკების რევოლუციასთან. შიკრიკების განმარტება მარტივია, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ინფორმაცია მიაქვთ-მოაქვთ. ესაა შიკრიკების გაერთიანება, რომელიც მხოლოდ იმით არიან დაკავებული, რომ აქედან ინფორმაცია წაიღონ, როგორც წესი სიცრუე და ცილისწამება და იქიდან წამოიღონ ინსტრუქციები და გაახმოვანონ. ვგულისხმობ მათ ვოიაჟს დასავლეთში. ზოგიერთის მარშრუტი რუსეთისკენ არის. შეიძლება, პირდაპირ იქ არ დადიან, თუმცა იდეები იქიდან მოაქვთ. თავიდანვე განწირული იყო შიკრიკების რევოლუცია, იმიტომ რომ შიკრიკს არაფრის უნარი არ აქვს, გარდა იმისა, რომ რაღაც წაიღოს და მოიტანოს. იმის უნარიც არ გააჩნიათ, რომ წესიერად მოეტანათ ინფორმაცია, რას ითხოვს ჩვენგან ევროპული ბიუროკრატია“,- განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით,  სახეზეა საქართველოს არევის გაუთავებელი მცდელობა.

„რევოლუციური მოვლენების დრამატურგია და საპირფარეშოს დრამატურგია ორი სხვადასხვა რამაა, მაგრამ ბუღაძემ ეს არ იცის, არც დიღმელაშვილმა. დიღმელაშვილს ლიტერატურული დრამატურგიაც არ გაუგია, ბუღაძეს ეს მაინც გაუგია, მაგრამ ისე მიეჩვია მის საპირფარეშოში ჩამოყალიბებას, რომ იმის იქით ვეღარ წავიდა. შედეგი სახეზეა, გაუთავებელი მცდელობა საქართველოს არევის. ეს არის პატარა ქვეყანა, ჩვენ არ ვართ ძლიერი დემოკრატია, არც ძლიერი ეკონომიკა, ამიტომ ნებისმიერი ასეთი გამოვლინება არის ჩვენი მტრების სასიხარულოდ, განსაკუთრებით ჩრდილოელი მტერის. რასაც იქ ვხედავ, სტუდენტებს, ეს აბსოლუტურად სიცრუეში და სიბნელეში გაზრდილი ახალგაზრდები არიან. სხვანაირად როგორ შეიძლება, იდგე თავყრილობაში, რომელსაც მეგის ქარდავა მიესალმება და მოძღვრავს, რომ ცოტა ხანში სინათლე იქნება“,- განაცხადა ხაინდრავამ.

ამასთან, როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია აღარავის ახსოვს.

„სააკაშვილი აღარავის ახსოვს, გამოიყენეს როგორც შეეძლოთ. დღეს ისიც კი რცხვენიათ, რომ ვინმემ „თავისუფლება მიშას” პლაკატი ასწიოს. ისევე როგორც გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანის მეტს აღარავის ახსოვს. როდესაც ტრიბუნაზე დგანან, ან მის უკან იმალებიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ – „ყველაზე ბნელი ხედვების გამავრცელებელი ცენტრი საქართველოში საპატრიარქოა“, „რუსღია რეზიდენტურაა საპატრიარქო”, „თავისუფლების მთავარი მტერია საპატრიარქო”, როგორ ფიქრობთ, რა წარმატების შანსი უნდა ქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავს რამეს ფიქრობენ“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ამასთან, ხაინდრავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭება „შემოგდებული და სამარცხვინო ამბავია“.

„რაც შეეხება ევროკავშირს და შემოგდებულ თემას, ამ რაღაც პერსპექტივას, ეს სამარცხვინო ამბავია. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ წმინდა პოლიტიკურ განცხადებებს, ამას აღარანაირი კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციასთან აღარ გაქვს. პოლიტიკა არ არის მათი პირდაპირი საქმიანობის ასპარეზი. 128 მილიონიდან, რომელიც აშშ-ს კონგრესმა საქართველოს გამოუყო, 88 მილიონი წავიდა არასამთავრობო ორგანიზაციების გასაძლიერებლად. ვიმეორებ, ეს არ არის ევროპული ცნობიერება, ეს ევროპული ბიუროკრატიაა, გახრწნილი და გადაგვარებული. ის ქალბატონიც, 24-ში რომ გვმოძღვრავდა ეკრანზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქართულმა საზოგადოებამ, რომ კარი შეუღონ და დაინახონ, რასა-პავილიონისი, კუბილიუსი როგორ სხედან ევროპაში და ჩვენ გარედან, იქნებ შეგვახედონ. ეს არის ზღაპარი. ვინ ეკითხებათ ევროპის ბიუროკრატებს ჩვენს პერსპექტივას. თავმოყვარე ადამიანი და საზოგადოება ხომ დაფიქრდება, რას ნიშნავს, პერსპექტივა მოგვცეს. ამ მისაღებში უკრაინას ათწლეულები მოუწევს დგომაო, აცხადებენ და ამ მისაღებში დგომისთვის იბრძვის მაგალითად სალომე სამადაშვილი? იმის იქით მისი აზროვნების გაქანება არ არის“,-განაცხადა გოგა ხაინდრავამ.