გოგა ხაინდრავა - შალვა შავგულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელებსა და მწამებლებს წარმოადგენს
გოგა ხაინდრავა - შალვა შავგულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელებსა და მწამებლებს წარმოადგენს

შალვა შავგულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელებსა და მწამებლებს წარმოადგენს, ამიტომ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, რადგან თავად შავგულიძე აღარ არსებობს ჩემთვის, როგორც პიროვნება, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ყველას კარგად ახსოვს გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას როლი გირგვლიანის საქმეში.

„ყველამ კარგად იცით, რომ ჩემი ძირითადი კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოხდა სანდრო გირგვლიანის ამბავზე. პირველივე დღიდან განვაცხადე, რომ ამაზე იქნება დამოკიდებული ამ ქვეყნის ბედი, თუ რამდენად სწორად იქნებოდა წარმართული გამოძიების პროცესი. კარგად მახსოვს ბოკერიასა და უგულავას როლი. ბოკერია არის ნაციზმის იდეოლოგი საქართველოში და ყველა დანაშაულში ლომის წვლილი მიუძღვის. ეგ იყო „გამპრავებელი“, ეგეც და უგულავაც. მთავრობის წევრი ვიყავი და არცთუ რიგითი, მე მიმყავდა ძირითადი მოლაპარაკებები რუსეთთანაც და მოლაპარაკებები კონფლიქტების საკითხზე. ამიტომ, ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი, მახსოვს ღვინიაშვილის როლი, მახსოვს ბოკერიას როლი, უგულავას როლი, სააკაშვილზე ხომ აღარაფერს ვამბობ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, დღეს მთაწმინდაზე წარმოდგენილია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რადგან „ევროპული საქართველოც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ერთნი არიან.

„კარგად ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როგორ ჩაქანდა უგულავა სააკაშვილთან და დიდი სიამტკბილობა გამოაცხადეს. იგივე არის ახლაც. დღეს გირგვლიანის მკვლელებს და მწამებლებს წარმოადგენს შალვა შავგულიძე. მე მაქვს ფოტო, სადაც მარჯვნივ უზის ღვინიაშვილი, მარცხნივ უგულავა. ეს არის შალვა შავგულიძის სახე დღეს. იქიდან სააკაშვილი უჭერს მხარს და საფუძვლად ყოველივე ამას უდევს გიგა ბოკერიას სურვილი, ყველა ხერხით დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში, დაიბრუნოს ხელისუფლება. ჩემთვის შალვა შავგულიძეზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, რადგან თავად შავგულიძე აღარ არსებობს ჩემთვის, როგორც პიროვნება“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავა ამბობს, რომ შალვა შავგულიძის თქმით, რომელიც სულხან მოლაშვილის ადვოკატი იყო, არ იცოდა, რომ სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილეობა მიიღო გიგა ბოკერიამ.

„სულხან მოლაშვილის მამამ, დედამ, შვილებმა, არაერთხელ გააკეთეს განცხადება ამის თაობაზე. ეს თავად სულხანმაც თქვა, რომ მის წამებას ესწრებოდა გიგა ბოკერია. შალვა შავგულიძემ კი განაცხადა, რომ ეს მისთვის სულხან მოლაშვილს არ უთქვამს. წარმოუდგენელია, რომ სულხან მოლაშვილს, იმ ჯურღმულში და იმ წამებაში, რა დღეშიც ჰყავდათ იქ, ერთადერთი ადამიანისთვის – ადვოკატისთვის,  რომელთანაც ჰქონდა კონტაქტი, არ ეთქვა ეს ინფორმაცია, მაგრამ კარგია, მამამისს რომ უთხრა და მამამისმა განაცხადა შემდეგ ამის შესახებ, და სულხანი, რომელიც ამის შესახებ ლაპარაკობდა, რომ გიგა ბოკერიამ აწამა, არც ის გაუგია? გიგა ბოკერიას რომ უზის ახლა, მწამებელს, იმ ადამიანის, ვისი ადვოკატიც იყო, ეს არ იცის? ღვინიაშვილს რომ უზის გვერდით ფოტოში, რომელიც იყო პროკურორი გირგვლიანის საქმეში, არ იცის, რომ ღვინიაშვილი გირგვლიანის პროკურორი იყო? სააკაშვილის მხარდაჭერას რომ იღებს, არ იცის, რომ სააკაშვილმა მოკლა გირგვლიანი და მთელმა მისმა ბანდამ, ვინც მის გარშემოა? მთავარი „გამპრავლებლები“ რომ იყვნენ უგულავა და ბოკერია, ეს არ იცის? კარგი, არ იცოდა მაშინ, ახლა ხომ იცის? რატომ ზის მასთან ერთად? ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ ფასადია „ნაციონალური მოძრაობის“, ვის რაში აინტერესებს შალვა შავგულიძე? მათ აინტერესებთ შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მეტი უხერხულობა, რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნან ამ ქვეყანას“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი, ვინც არ უნდა ჰყავდეთ წინ წამოწეული, მთაწმინდაზე არჩევნებს ვერ მოიგებენ.

„აგერ თქვენ ხართ და აგერ მე, აგერ ჩატარდება არჩევნები და დამანგრეველი შედეგი იქნება. კი არ მოუგებს, დაანგრევს გიგა ბოკერიას, რადგან გიგა ბოკერია კენჭს იყრის მთაწმინდაზე, ეს მწამებელი და „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი. რაც შეეხება უგულავას, ის არის მთაწმინდის ქურდი. უგულავამ დაადასტურა და სასამართლოში აღიარა დანაშაული, რომ მილიონობით ლარი მოპარა თბილისელებს და უპირველეს ყოვლისა, მთაწმინდელებს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.