გოგა ხაინდრავა - საქმე როდესაც ეხება ევროპის უსაფრთხოებას, მაშინ არანაირი დემოკრატიული უკუსვლა არ აღინიშნება სამხრეთ კავკასიაში, ამის მაგალითია ბუქარესტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩაბრძანება
გოგა ხაინდრავა - საქმე როდესაც ეხება ევროპის უსაფრთხოებას, მაშინ არანაირი დემოკრატიული უკუსვლა არ აღინიშნება სამხრეთ კავკასიაში, ამის მაგალითია ბუქარესტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩაბრძანება

ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მათ მოაწერეს ხელი პოლიტიკურ და ეკონომიკურ გზას, რომელიც ენერგეტიკასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაინდრავას თქმით, მწვანე ენერგეტიკა მსოფლიოს მომავალია.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქმე როდესაც ევროპის უსაფრთხოებას ეხება, მაშინ არანაირი დაბრკოლება, დემოკრატიული უკუსვლა არ აღინიშნება სამხრეთ კავკასიაში და ამის მაგალითია ბუქარესტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩაბრძანება.

„აბსოლუტურად ნათლად გამოჩნდა ის ფარისევლობა, რომლის მოწმეებიც ვართ ჩვენ როგორც ევროპაში, ისე მსოფლიო პოლიტიკაში. მაშინ, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირისა და ევროპის უსაფრთხოებას, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მაშინ არანაირი დაბრკოლება, არანაირი დემოკრატიული უკუსვლა არ აღინიშნება სამხრეთ კავკასიაში. ამის მაგალითი არის ამ ხელშეკრულებისთვის ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩაბრძანება და მისი გულთბილი მისალმება, რომლითაც მიესალმა ამ ხელშეკრულების გაფორმებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მწვანე ენერგეტიკა მსოფლიოს მომავალია“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე განცხადებით, სამი გზიდან, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს ერთმანეთთან აკავშირებდა, ორი დაიკეტა.

„აღარ არსებობს რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი იმისთვის, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს დაუკავშირდნენ. ერთადერთი გზა დარჩა, რომელიც გადის საქართველოზე. აქეთ არის თურქეთი. ასეთი დამოუკიდებელი პოლიტიკა, როგორიც დღეს თურქეთს მიჰყავს, არასოდეს მიჰყავდა.

გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა – და ნატო-ს წევრ ქვეყანას, საბერძნეთს მიმართა – შეიძლება, ერთ დღესაც გაიღვიძოთ და ჩვენ იქ ვიყოთო. ეგეოსის ზღვაში უმძიმესი მდგომარეობაა. პრაქტიკულად, შეიარაღებული კონფლიქტის პირას დგანან თურქეთი და საბერძნეთი. ენერგეტიკა ისეთი რამ არის, რომლის გარეშეც არცერთ ქვეყანას, არცერთ გაერთიანებას არსებობა არ შეუძლია. სადაც მეტი უსაფრთხო ადგილია, იქ მიდის ყველაზე მეტი ფული, ინვესტიცია. რადგან ეს გზა არის არჩეული, ჩათვალე, რომ ადამიანებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკაში, ინვესტიციებში ფულს დებენ, ეცოდინებათ, რომ ეს ნაწილი არის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და ფული იქ უნდა ჩადონ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.