გოგა ხაინდრავა - საქართველოს განვითარებას ამუხრუჭებს ე.წ. მეხუთე კოლონა, რომელიც ხშირად არასამთავრობო სექტორს ირქმევს
ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა, რომელიც საქართველოს განვითარებას ძალიან ამუხრუჭებს, არის ე.წ მეხუთე კოლონა, რომელიც ხშირად არასამთავრობო სექტორს ირქმევს, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ხანია, რამდენიმე არასამთავრობო პოლიტიკურ ჩამოყალიბდა და პოლიტიკური განცხადებების კეთება დაიწყო. ხაინდრავას აზრით, ამ ყველაფერში სერიოზული ფინანსები იხარჯება და ხელისუფლებაზე პირდაპირი ზეწოლა ხორციელდება.
„როგორც წესი, ეს არის გავლენის სფეროები, ეს სფეროები არ არის მართვადი საქართველოდან, ეს არის მართვადი უცხოეთიდან. ამ ყველაფერში, როგორც წესი, სერიოზული ფინანსები იხარჯება, ხორციელდება პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლებაზე, ვგულისხმობ საქართველოში არსებულ ნებისმიერ ხელისუფლებას, მიდის მცდელობა, რომ ხელისუფლების მართვა იყოს შესაძლებელი, ამის ნათელი მაგალითია რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. მისი ნათლად აჩვენებს ე.წ სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას, საზოგადოების, რომელსაც ამის პრეტენზია აქვს. ეჭვი მეპარება, რომ ეს არის ქართული სამოქალაქო საზოგადოება“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მან არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურთან სასამართლო დავაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამი წლის განმავლობაში, გიგაური სასამართლო პროცესებს არ დასწრებია.
„ეკა გიგაურმა სამი წლის წინ მიჩივლა პატივისა და ღირსების შელახვის თემით, მას მერე საინტერესოდ განვითარდა მოვლენები, სამი წლის განმავლობაში არ მოვიდა პროცესზე და ბოლო პროცესზე საერთოდ მისი წარმომადგენლებიც კი არ მოვიდნენ. ამასობაში გაირკვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაფინანსებული ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ათეულობით მილიონ დოლარს იღებს წლების მანძილზე, შედეგად ვიღებთ ეკა გიგაურის საკმაოდ ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებებს და კვლევებს, რომელიც ისევეა ახლოს სიმართლესთან, როგორც NDI და IRI-ის კვლევები. ერთადერთი რასაც ის ემსახურება, არის ის, რომ რამენაირად გავლენები მოიპოვოს, როგორც საზოგადოებაზე, ისე ხელისუფლებაზე, ცალკეულ სამინისტროებზე“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ეკა გიგაური, რომელიც სხვებისგან გამჭვირვალობას ითხოვს, თავად არის მოცული ბუნდოვანი წარსულით.
„ეს არის ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო იმ ხალხის დაჯილდოებაში, რომელმაც ხერხემალში გადატეხა საქართველოს მოსახლეობის თავისუფლებისკენ სწრაფვა 7 ნოემბერს, მსგავსი ფიგურების არსებობა საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანას. ჩემი აზრით, ის ემსახურება არა საქართვლოს მოქალაქეების ინტერესებს, არამედ ემსახურება საზღვარგარეთ მყოფი ძალების ინტერესებს. რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი, განსაკუთრებით დიდ აქტორებს, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკას განაგებენ და თავისთავად როდესაც ამა თუ იმ ხელისუფლების გავლენის სადავეები გაქვს ხელში, ეს არის საკმაოდ კომფორტული. ამას ემსახურება „საია“, „42-ე მუხლი“. ის ადამიანები ამოყოფენ თავს სამთავრობო სტრუქტურებში, მაგალითად კოჟორიძე, ნაცვლიშვილი. კარგი იქნებოდა, ესაუბრონ ქართულ საზოგადოებას პირდაპირ და უთხრან, რომ არიან პოლიტიკური მოღვაწეები და ეწევიან პოლიტიკურ მოღვაწეობას. ნებისმიერ საკითხზე, რაც ძალიან პოლიტიკური და სამთავრობოა, პირველ რიგში, ნაცვლიშვილი ან გიგაური აკეთებენ განცხადებებს. საერთოდ მაგათი გაერთიანება იყო „ეს შენ გეხება“, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის გარდა ყველაფერი ეხებათ“, – განაცხადა ხაინდრავამ.