გოგა ხაინდრავა - სააკაშვილთან ერთად ვერსად ვერაფერი შედგა ძალადობის, უკუღმართობის და გარყვნილების გარდა, დღესაც ის დგას მოძრაობის სათავეში, რომელსაც სიბნელე ჰქვია
სააკაშვილთან ერთად ვერსად ვერაფერი შედგა, ძალადობის, უკუღმართობის და გარყვნილების გარდა – პოლიტიკური, თუ პირდაპირი მნიშვნელობით, გარყვნილება. ქვეყანაში მას სხვა არაფერი მოუტანია, დღესაც ის დგას მოძრაობის სათავეში, რომელსაც სიბნელე ჰქვია, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესში ყველამ დაინახა, რომ პოლიტიკურ თემებზე ოპოზიციის წარმომადგენლებთან საუბარს აზრი არ აქვს.
„მოლაპარაკებები არ შედგება. სადაც სააკაშვილია, იქ არაფერი შედგება. სააკაშვილთან ერთად, ვერც ერთგან ვერ შედგა ვერაფერი ძალადობის, უკუღმართობის და გარყვნილების გარდა – პოლიტიკური გარყვნილება, თუ პირდაპირი მნიშვნელობით გარყვნილება, ქვეყანაში მას სხვა არაფერი მოუტანია. დღესაც ის დგას ამ მოძრაობის სათავეში, რომელსაც სიბნელე ჰქვია. მოლაპარაკებები არ ჩაშლილა, მოლაპარაკებებმა ევროპელების თვალში ყველაფერი დაალაგა თავის ადგილას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის ნეგატიურად. ისინი მიხვდნენ, რომ ეს არის განუვითარებელი პოლიტიკური კლასი, რომელთანაც რაიმე ტიპის სერიოზული ურთიერთობა შეუძლებელია. ყველამ დაინახა, რომ მათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, როგორ შეიძლება, ნინო ბურჯანაძეს, შალვა ნათელაშვილს და აკო მინაშვილს ელაპარაკო პოლიტიკურ თემებზე“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ამასთან, ხაინდრავამ აღნიშნა, რომ რეალურად, ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ არსებობს.
„არანაირი კრიზისი ამ ქვეყანაში არ არის – ბიუჯეტი მიღებულია, მთავრობა, პარლამენტი ფუნქციონირებს, საერთაშორისო ურთიერთობები გრძელდება. აგერ, ნატო-ს ოთხი გემია შემოსული. ბრიუსელში ქვეყნის პრემიერ მინისტრის ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო, საგარეო ურთიერთობები სერიოზულად დგას დღის წესრიგში და ცხოვრება მიდის. ვფიქრობ, ამ სიბნელეზე გადამეტებული ყურადღებაა გადატანილი. მაგათ თავი უნდა დავანებოთ. როგორც კი ჩვენ მათ ხსენებას თავს გავანებებთ, იმ წუთში გაქრებიან, რადგან არაფერს წარმოადგენენ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.