გოგა ხაინდრავა - პოლიტიკოსები სასულიერო საკითხებზე მსჯელობენ და სულიერი მოძღვრები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, რაც მათ უმწიფრობაზე მეტყველებს
რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი სინოდზე განიხილება და პოზიცია შემდეგ დაფიქსირდება, გონივრულს უწოდებს.
როგორც მან მედიასთან განაცხადა, დღეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აღრევის ხანაა – პოლიტიკოსები სასულიერო საკითხებზე მსჯელობენ და სულიერი მოძღვრები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.
„ეს ამ ადამიანების უმწიფრობაზე მეტყველებს და დახასიათება ძალიან ძნელია. ორივე სფერო თავისი კანონებით მოქმედებს. განსაკუთრებით სასულიერო სფერო. როდესაც შვილი მამის წინააღმდეგ გამოდის და მამის დარიგებებს არ უსმენს, როგორც წესი, კატასტროფით მთავრდება. ეს იმ მღვდელმთავრებს ეხება, რომლებიც საკუთარ მამას არ უსმენენ, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. საქართველოს საპატრიარქომ ამასთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული განცხადება გააკეთა, რომ საკითხი წმინდა სინოდზე განიხილება და ამის შემდეგ იქნება დაფიქსირებული საქართველოს ეკლესიის პოზიცია. ეს არის ძალიან გონივრული გადაწყვეტილება. მინდა, შეგახსენოთ, არც იერუსალიმის ეკლესიას, არც ელადის, არც ანტიოქიის ეკლესიას, არც ათონის მთას არ დაუფიქსირებია პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს, რომ სასულიერო თვალსაზრისით უპირატესი ეკლესიები დუმან“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
როგორც რეჟისორმა აღნიშნა, მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა მოქალაქე საკუთარ სახელმწიფოზე, შვილებისა და სახელმწიფოს მომავალზე უნდა ფიქრობდეს.
ამასთან, მისი თქმით, საქართველო ცალსახად მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას.
„ყველანი ვართ უკრაინის გულშემატკივარი და ცალსახად მხარს ვუჭერთ მის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, მისი მოსახლეობის კეთილდღეობას“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.