გოგა ხაინდრავა - გრიგოლ ვაშაძე ომის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, დღეს კი, მოღალატეს ეძახის სალომე ზურაბიშვილს
მიხელ სააკაშვილი საქართველოშიც და უკრაინაშიც დესტაბილიზაციის წყაროა, ჩვენ ამას ვუყურებდით უკრაინაში და ახლა ცდილობს, ეს გააკეთოს საქართველოში გრიგოლ ვაშაძის ხელით, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილიც და გრიგოლ ვაშაძეც კაგებ-ეს სამჭედლოში არიან გაზრდილები.
„მიხელ სააკაშვილი საქართველოშიც და უკრაინაშიც დესტაბილიზაციის წყაროა. მაგისთვის არის გამოყენებული და მეტი არაფრისთვის, სხვა არანაირი ფუნქცია სააკაშვილს დღეს არ გააჩნია გარდა იმისა, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ჩვენ ამას ვუყურებდით უკრაინაში და ახლა ცდილობს, ეს გააკეთოს საქართველოში გრიგოლ ვაშაძის ხელით. ერთიც და მეორეც კაგებ-ეს სამჭედლოში გაზრდილები არიან. საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვის დიპლომატიური აკადემია და კიევის დიპლომატიური აკადემია იყო უშიშროების სამჭედლო, კაგებ-ეს სამჭედლო, იქ არავინ სხვა, გარდა იმ დაწესებულების თანამშრომლებისა, არ სწავლობდნენ. გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის პასპორტი ვერ გავაგდებინეთ. ვაშაძე რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და რუსთის მოქალაქე იყო, დღეს კი, მედიის დახმარებით მოღალატეს ეძახის სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საფრანგეთში გაიზარდა, მთელი ცხოვრება იყო ტანჯული საბჭოთა წყობილების გამო, იმის გამო, რომ ამ ქვეყანას წაართვეს თვითმყოფადობა, წაართვეს დამოუკიდებლობა, ამ ქვეყანას ახადეს ნამუსი, სისხლში ჩაახშეს ქვეყანა და მისი ნათესავები. ეს ვიგინდარები, ეს რუსული იმპერიალიზმის ამბსონები დღეს სალომე ზურაბიშვილს მედიის დახმარებით მოღალატეს ეძახიან”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას კრემლიდან გამოგზავნილი ადამიანი ატარებს, რომელმაც კარგად იცის კაგებ-ეს მეთოდები.
„ევგენი შკლიაროვი, რომელიც არის პიარჯგუფის ხელმძღვანელი, დღეს საქართველოში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას ატარებს. მათ ძალიან კარგად იციან კაგებ-ეს და ჰიტლერის დროინდელი მეთოდები, როდესაც მოწინააღმდეგეს უნდა დააბრალო ის, რასაც შენ თვითონ ჩადიხარ. ვთქვათ, აირჩიეს კიკა საქართველოს პრეზიდენტად, როგორც მაგათ უნდათ და რა მოხდება, რა უფლებები აქვს იმ საქართველოს პრეზიდენტს? რა უნდა გააკეთოს? მთავრობას ამტკიცებს? საპარლამენტო უმრავლესობაზე მეტი ძალა აქვთ? ან რა უნდა გააკეთოს? ეს ხომ ტყუილია ყველაფერი, ეს ხომ სიცრუეა, რომლითაც კვებავენ ამ საზოგადოებას კამერების მეშვეობით. ყოველდღიურად მოედინება დიდი მასშტაბის სიცრუე. გაჩერდით, ხალხო, დაფიქრდით, წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველა ჩვენგანს ეხება”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ეს არის რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკა, საქართველოში ააყირაოს ვითარება, რადგან ხედავს, რომ ასეთი სწრაფვა, ასეთი ახლოს ყოფნა ნატო-სთან, როგორც დღეს არის, საქართველოს არასოდეს ჰქონია.