გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მისივე თქმით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა თოვლისგან მთლიანად გაიწმინდა, აღდგენილია საავტომობილო მიმოსვლა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს შორის, რომელიც ზამთრობით თოვლის მაღალი საფარის გამო იკეტება.
„წელს მოვახერხეთ, რომ გოდერძის უღელტეხილზე ძალიან ადრე დაწყებულიყო გზის გაწმენდითი სამუშაოები. დღეიდან ერთმანეთს დაუკავშირდება ხულო და სამცხე-ჯავახეთი და ამ მიმართულებითაც შესაძლებელი გახდება გადაადგილება. მადლობა მინდა გადავუხადო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად შევძლოთ აღნიშნული გზის მონაკვეთის გახსნა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილდეს გადაადგილება. დაგეგმილია აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, რაც წელსვე უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.