გოჩა ლორთქიფანიძე - სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები 75 პროცენტზე მეტითაა შემცირებული
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშის მოისმინეს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობაზე ანგარიში კომიტეტზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, წარადგინა.
როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ადგილობრივი ინსტიტუტებისადმი, მათ შორის სასამართლოს მიმართ მოქალაქეების ნდობა გაიზარდა.
„ეს არის საპარლამენტო ანგარიშგების მექანიზმი. უკვე მესამედ წარვადგინეთ ანგარიში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ დინამიკა არის პოზიტიური, რადგან 2013 წლის შემდეგ მინისტრთა კომიტეტის მექანიზმის ქვეშ 76 საქმეა, ამ 76 საქმიდან არის 85 პროცენტი შესრულებული და თითქმის ყველა საქმე არის 2012 წლამდე. ამ საპარლამენტო ანგარიშგების მექანიზმს მინისტრთა კომიტეტიც მიესალმა. როგორც პოზიტიურ გამოცდილებას სახელმწიფოების მხრიდან. ეს არის მნიშვნელოვანი“, – განცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
ლორთქიფანიძის თქმით, სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა 75 პროცენტზე მეტითაა შემცირებული.
„2011 წელს იყო 395 საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი, 2012 წელს – 365, გასულ წელს ეს არის 99, ანუ გვაქვს 75 პროცენტზე მეტი ვარდნა წარდგენილი საჩივრების თვალსაზრისით. ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით მდგომაროება არის ბევრად გაუმჯობესებული. ადამიანებს გაეზარდათ ნდობა ადგილობრივი ინსტიტუტებისადმი და ისინი ვერ ხედავენ საჭიროებას, საჩივარი უფრო შორს, სტრასბურგში წაიღონ“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.