გოჩა ლორთქიფანიძე - რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა
ეს იყო უკომპრომისო ბრძოლა სამართლიანობისთვის და სამართლისთვის, – აღნიშნული განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი შეფასებით, ეს შემთხვევა მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის ფარგლებში სხვა კონფლიქტებისთვისაც.
ამასთან, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ყველამ მოისმინა რუსული კონტრარგუმენტების ხარისხი – რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა.
„ეს იყო უკომპრომისო ბრძოლა, ოღონდ სამართლიანობისთვის და სამართლისთვის. ამ შემთხვევას, ამ საქმეს ექნება მნიშვნელობა არამარტო საქართველოსთვის, არამედ ექნება მნიშვნელობა ევროპის ფარგლებში სხვა კონფლიქტებისთვის, პირველ რიგში, ესაა უკრაინა და მოლდოვა.
მეორე მომენტი ის, რომ თქვენ თვითონ ნახეთ და თვითონ შეგიძლიათ შეაფასოთ რუსული კონტრარგუმენტების ე.წ. ხარისხი. არგუმენტების ნაცვლად ჩვენ მოვისმინეთ ისევ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ და ერთადერთი პასუხი, რომ ეს არის სიყალბე, რაც საქართველომ წარადგინა, არის შეთქმულება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციას დღეს საერთოდ არგუმენტი არ ჰქონდა“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაადაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).